მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 02:50
სწრაფი სიახლე
კულტურა

შეკვეთილში ახალი კონცეპტუალური სივრცე, „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა

Prime Time 5 აგვისტო, 2026 · 11:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე – „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა.

Starring Georgia-ს ინფორმაციით, ეს არის ადგილი, სადაც ბაღი, გასტრონომია, მცენარეთა კულტურა და დიზაინი ერთიან გამოცდილებად იქცევა.

„„ჰეკატეს ბაღი“ შექმნილია იმ იდეით, რომ ბუნებასთან ურთიერთობა მხოლოდ დასვენება კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. სივრცის კონცეფცია აერთიანებს ცოცხალ სათბურს, მცენარეებით შთაგონებულ სამზარეულოს, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ სასმელებს, ჩაის კოლექციას, არომატულ პროდუქტებსა და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას.

პროექტის მიზანია, შეკვეთილს კიდევ ერთი განსხვავებული, საინტერესო დანიშნულების ადგილი შესძინოს. „ჰეკატეს ბაღი“ უკვე მასპინძლობს პირველ სტუმრებს, ხოლო უახლოეს პერიოდში სივრცეში გაიმართება საგანმანათლებლო ვორქშოფები სივრცის კონცეფცია ჰეკატესა და მედეას მითოლოგიურ სამყაროს ეხმიანება. ბაღში მოწყობილია მედეას კუთხე, სადაც წარმოდგენილია მცენარეები და ისტორიები, რომლებიც ქართულ მითოლოგიურ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. ამგვარად, „ჰეკატეს ბაღი“ მითოლოგიას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და კულტურულ ნარატივს ბუნებასა და გასტრონომიასთან აკავშირებს.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია სათბური, სადაც სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები იზრდება. „ჰეკატეს ბაღის“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ სათბური, გაეცნონ მცენარეების მრავალფეროვნებას და სურვილის შემთხვევაში, შეიძინონ მათთვის სასურველი ნერგებიც. ამგვარად, სივრცეში მიღებული გამოცდილება მხოლოდ ვიზიტით არ სრულდება – სტუმრებს ბაღის ნაწილი საკუთარ სახლშიც მიაქვთ. ჰეკატეს ბაღში სტუმრობა მსურველებს ყოველდღე, 14:00-00:00 საათებში შეუძლიათ“, – აღნიშნულია Starring Georgia-ს ინფორმაციაში.

კომპანია „სთარინგ ჯორჯიას“ პროექტები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.