ტატა ხვედელიანი – „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში, 11 დღეში მესამედ ბნელდება მთელი ქვეყანა და დღემდე პირველი ჩაბნელების მიზეზიც არ ვიცით – პარლამენტში ძალიან ცხელი შემოდგომა გველის

ელექტროენერგიის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მოსახლეობაში ლეგიტიმური გაღიზიანება გამოიწვია. ეს არის მორიგი ტყუილი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც სემეკ-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ პასუხისმგებელი პირები ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მდგომარეობიდან გამოვიდნენ, დაფარონ საკუთარი კომპეტენციის ნაკლებობა, უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა.
„დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში. მახსენდება ჩემი ბავშვობა, როცა ელექტროენერგიის მიწოდება იყო გრაფიკით. „ოცნება“კომპეტენციის ნაკლებობით, ტყუილებით, კორუფციით გვაბრუნებს უკან და გვიბიძგებს იმისკენ, რომ ეს ჯოჯოხეთი ხელახლა გავიაროთ. ელექტროენერგიის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მოსახლეობაში ლეგიტიმური გაღიზიანება გამოიწვია. ეს არის მორიგი ტყუილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პასუხისმგებლიანი უწყებები და მთავრობა ჰყავთ, ნებისმიერ ტესტირებას წინ უძღვის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ შეიძლება ასეთი შედეგი დადგეს. ტესტირების რეჟიმი წარმოუდგენელია იყოს საღამოს 8:00 საათზე.
ისინი ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მდგომარეობიდან გამოვიდნენ, დაფარონ საკუთარი კომპეტენციის ნაკლებობა, უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა. 11 დღის განმავლობაში მესამედ ბნელდება მთელი რესპუბლიკა და დღემდე პირველი ჩაბნელების მიზეზიც არ ვიცით. სუს-მა დაიწყო გამოძიება, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს გამოვლენილი დამნაშავეები, არც ის ფაქტორები, რის გამოც მოხდა ეს ყველაფერი. ვნახეთ მხოლოდ და მხოლოდ ამტყდარი პანიკა იმასთან დაკავშირებით, რომ კლანური გადანაწილება მიმდინარეობს ისევ „ოცნებაში““, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ტატა ხვედელიანის თქმით, საშემოდგომო სესიაზე პასუხისმგებელ პირებს პარლამენტში დაიბარებენ.
„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ რესურს, ჩვენ ვიქნებით უფრო მეტად მწვავეები, ვიდრე წინა საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე ვიყავით. შეკითხვები, რა თქმა უნდა, იქნება, დაბარება იქნება. ჩვენ გვქონდა ეკონომიკის მინისტრის დაბარების მცდელობა წინა სასესიო სეზონზე, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა. ჩვენ ძალიან ცხელი შემოდგომა გველის იქიდან გამომდინარე, რომ მეტად მწვავეები ვიქნებით“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.