ანდრეი სიბიგა – Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან ვმუშაობთ

Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან ვმუშაობთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„ლიცენზიების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრები უკვე გაიმართა და კიდევ გაიმართება. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი უკვე შედგა. ახლა ეს საკითხები ყველა დაინტერესებულ მხარესთან უნდა განვიხილოთ. ეს მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, ახლა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიღება რთულია.
„სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური რეალობაა, რომ აშშ-ს წელიწადში მხოლოდ 600 PAC-3-ის ტიპის რაკეტის წარმოება შეუძლია. გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახლა ჩვენთვის ამ რაკეტების მიღება, ყიდვა ან გაცვლა რთულია. ჩვენ თითოეული რაკეტისთვის ვიბრძვით“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.