მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 02:24
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

რომან გოცირიძე – გუშინ დანაშაულებრივი ექსპერიმენტი ჩაატარეს და გათიშეს მთელი ქვეყანა – დღემდე ვერ დავადგინეთ, რა მოხდა ელექტროენერგიის პირველი გამორთვისას – როგორ შეიძლება შიდა გადამცემმა ხაზმა „ლოკდაუნი“ გამოიწვიოს?

IPN.ge 7 აგვისტო, 2026 · 00:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, ენერგოსისტემაში განხორციელებული ქმედებები „სრული არაპროფესიონალიზმის“ გამოვლინებაა და ხელისუფლებამ „დანაშაულებრივი ექსპერიმენტი“ ჩაატარა, რომლის შედეგადაც მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ენერგეტიკის სფეროს მართვა არაკვალიფიციურად მიმდინარეობს.

მან ასევე, აღნიშნა, რომ დღემდე არ არის გასაგები, რამ გამოიწვია ავარია.

მისი თქმით, საეჭვოა, რომ შიდა 110-კილოვოლტიან გადამცემ ხაზზე შექმნილ პრობლემას ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოეწვია. გოცირიძის შეფასებით, ეს ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობაზე მიანიშნებს.

„სრული არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა. ფაქტობრივად ჩაატარეს დანაშაულებრივი ექსპერიმენტი – გათიშეს მთელი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მარტო ამ დარგის მართვაა არაკვალიფიცირებული, არამედ ზოგადად ქვეყანაში იმდენად დეგრადირებულია ენერგეტიკის სფერო, რომ თუნდაც ექსპერიმენტის ჩატარება არ შეუძლიათ. უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს და დღემდე მაინც ვერ დავადგინეთ რა მოხდა. რა მოხდა პირველი გამორთვისას, რომელიც ჯერ გეგუთის ხაზს დააბრალეს, სადაც „ენერგო-პროს“ ხაზი არის 110 კილოვატიანი და განაცხადა „ენერგო-პრომ“, რომ 11-ჯერ გაითიშა ბოლო პერიოდის განმავლობაში. როგორ შეიძლება შიდა გადამცემმა ხაზმა ტოტალური „ლოკდაუნი“ გამოიწვიოს? ასევე მაგისტრალური ხაზების გათიშვა?“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი კრიპტოსაწარმოები ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს მოიხმარენ, თუმცა, მისი მტკიცებით, ბიუჯეტში მცირე თანხებს იხდიან და ქსელზე დიდ დატვირთვას ქმნიან. მან აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი მოხმარება ენერგოსისტემის ამორტიზაციის ერთ-ერთი მიზეზია.

„ფაქტობრივად, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არის მოწყვლადი. ქვეყანა შეჭამა კორუფციამ, ენერგეტიკის შემთხვევაში მაინინგმა. 750 კილოვატი დღე და ღამე არის ამ ძაბვის ქვეშ. საქართველოში ღამე რამდენი საწარმო მუშაობს? არაფერი არ მუშაობს, ალბათ 10-მდე საწარმო. წარმოუდგენელი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ და ყველამ კარგად ვიცით ბიუჯეტში შეტანილი ნული ლარი, ხელფასები ნული. გლდანის კრიპტო ქარხანაში 80 კაცი მუშაობს, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის, ასევე გორშიც. მისი ბიუჯეტში შეტანილი თანხა და ხელფასები იმაზე ნაკლებია, ვიდრე გლდანში ერთი რესტორნის. არანაირ გადასახადს არ იხდიან, დღგ-ს გარეშე იღებენ ელექტროენერგიას. 30-მდე კრიპტოსაწარმო 750 კილოვატსაათის ელექტროენერგიას მოიხმარს. კრიპტო ვამპირები 10 წელიწადია შიგნიდან ანგრევენ გენერაციას. იმის გამო, რომ მათ ზამთარში იარსებონ რუსეთისგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას ძვირად და მათ იაფად ვაძლევთ. ეს არის ამ ქსელის ამორტიზაციის მნიშვნელოვანი მიზეზი“,- განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ენერგოსისტემას დამოუკიდებლად ფუნქციონირება უჭირს.

გოცირიძის მოსაზრებით, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად აუცილებელია ახალი გენერაციის სიმძლავრეების შექმნა, რასაც, მისი შეფასებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ მიაღწია.

„გუშინდელი ექსპერიმენტიდან საოცრება ვნახეთ, თურმე საქართველოს ენერგოსისტემას ავტონომიური არსებობა არ შეუძლია. ჩაატარეს ექსპერიმენტი, გათიშეს აზერბაიჯანიდან და ქვეყანა ჩაბნელდა. ანუ, თუ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული პარალელურად აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, რუსეთთან… რუსეთს საქართველოს ჩაბნელება 2008 წელსაც კი არ დასჭირვებია, თორემ ჩვენ გვეკუთვნის 270 მეტრის კაშხალი და წყალი, თორემ დანარჩენი ყველაფერი რუსეთს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ ენერგოუსაფრთხოებისთვის გვჭირდება ახალი სიმძლავრეები, რასაც ამ ხელისუფლება ვერ მოაბა თავი“,- განაცხადა გოცირიძემ.