Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა

Junior NBA-ს 2026 წლის გათამაშების გამარჯვებული რუსთავის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირზე „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ სახელით ასპარეზობდა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა ფინალურ მატჩში „ბრუკლინ ნეთსის“ სახელით მოასპარეზე „დინო ბასკეტი“ დამაჯერებლად დაამარცხეს.
პირველი პერიოდის წაგების შემდეგ რუსთაველებმა გამორჩეულად იყოჩაღეს და თამაშში გარდატეხა შეიტანეს, რაშიც ლომის წილი გიორგი ტაბატაძეს მიუძღვის, რომელმაც მეტოქის კალათში 5 სამქულიანი ჩააგდო და გუნდის გამარჯვება უზრუნველყო.
ეს გახლდათ A ლიგის გათამაშება — სულ კი საქართველოში Junior NBA-ს 3 ლიგა თამაშდება და B და C ლიგების გამარჯვებულები 12 ივლისს გამოვლინდებიან. როგორც პატარა ასაკის ყველა გადამწყვეტ მატჩს, არც ამას აკლდა ემოციები და ცრემლები — როგორც მარცხისგან, ისე გამარჯვების დიდი სიხარულით გამოწვეული.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) რუსთაველთა ლიდერი ნიკოლოზ ბერიძე გახდა, რომელსაც კუთვნილი პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ბექა ბურჯანაძემ გადასცა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებით, სიგელებით, ხოლო ჩემპიონები სპეციალურად ამერიკიდან გამოგზავნილი საჩემპიონო ბეჭდებით ბურჯანაძესთან ერთად ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ოჩხიკიძემ დააჯილდოვა. მესამე აგილი მოიგოვა საკალათბურთო აკადემიის გუნდმა (ოკლაჰომამ), რომელმაც ფინალამდე გამართულ მე-3 ადგილისთვის მატჩში რუსთავის “დინო ბასკეტი” – “ბოსტონ სელტიქსი” დაამარცხა.
პატარა რუსთაველებსა და მათ მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა ქალაქ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, რომელიც პირველივე წუთიდან დარბაზში, მოედანთან ახლოს იმყოფებოდა და ემოციურად იზიარებდა ბავშვების თითოეულ წარმატებულ შეტევას.
წლევანდელი ტურნირი გამორჩეული და საიუბილეო გახლდათ — ეს იყო რიგით მე-10 გათამაშება. შეგახსენებთ, რომ Jr. NBA მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომელიც NBA-ისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო საქართველოში და კალათბურთის ფედერაციის სპონსორები.
GBF
წყარო: Sportall.ge