მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 18:34
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა

Prime Time July 12, 2026 3:39 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანია ევაკუირებული. ტაიფუნმა “ბავმა” თავდაპირველად ქალაქ ტაიჭოუს სანაპიროს მიაღწია, შუაღამისას კი ვენჭოუს სანაპიროს დაატყდა თავს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბავი” უკვე შესუსტდა და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, ის კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სახელმწიფო მედიის ცნობით, ჭეჟიანგის პროვინციაში მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სამუშაო საქმიანობა და ყველა გარე აქტივობა. ასევე გაუქმდა 400 ავიარეისი და ათეულობით სარკინიგზო რეისი.

ქალაქ ვენჭოუში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ტაიფუნის გადაადგილების მარშრუტთან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ ასობით ათასი მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინში, მოსახლეობის შესაძლო საფრთხისგან დაცვის მიზნით, 100 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.