მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 18:37
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 16:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული სამხედროების თავდადება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღირსეული ნაწილია და მათი მაგალითი დღესაც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სულისკვეთებას.

„აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს და მიუსამძიმრა მათ ოჯახებს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, ეროვნული ინტერესების დაცვითა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ მიზნად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება, რომლის მიღწევასაც საქართველო მშვიდობიანი გზით, შერიგებითა და ნდობის აღდგენით ესწრაფვის.