ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორიდან ჯარებს არ გაიყვანს, ვიდრე “ჰამასი” არ განიარაღდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის უახლეს გეგმას არ ეთანხმება. როგორც Reuters-ი წერს, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც, აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე თავდასხმები ფაქტობრივად შეაჩერა.
მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ საარჩევნო კამპანიის რეჟიმშია და 27 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ცდილობს, თუმცა ღაზაში დათმობებით უკმაყოფილო ულტრამემარჯვენე მინისტრებსა და მის მთავარ სამხედრო მხარდამჭერ ტრამპს შორისაა მოქცეული, რომელსაც, 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით, ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულების საკითხში პროგრესის მიღწევა სურს.
ისრაელმა ღაზას სექტორზე თავდასხმები ორშაბათიდან შეამცირა, მას შემდეგ, რაც ტრამპის წარმომადგენელი ღაზის სამშვიდობო საბჭოში – ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ზედამხედველობს, ნეთანიაჰუს შეხვდა.
წყაროს ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომ სამხედროები მხოლოდ ღაზაში არსებული უშუალო საფრთხის წინააღმდეგ იმოქმედებენ და “აღარ განახორციელებენ მიზანმიმართულ მკვლელობებს, როგორც ეს თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა”.
თუმცა, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში განლაგებული ისრაელის ჯარები იქიდან არ გავლენ მანამ, სანამ “ჰამასი” არ განიარაღდება. თავის მხრივ, “ჰამასი” მოითხოვს, რომ ისრაელმა თავდასხმები შეწყვიტოს, სანამ ის შეთანხმების იმ ნაწილს შეასრულებს, რომელიც მის შეიარაღებას ეხება.