პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ“ და „მეთადონი“
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
კომენტარი