მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 21:13
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვადიმ სკიბიცკი – რუსეთი ზრდის რაკეტების წარმოებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარტყმებს შეაჩერებს

IPN.ge 10 აგვისტო, 2026 · 18:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსები ზრდიან რაკეტების წარმოებას უკრაინაზე თავდასხმებისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარაკეტო დარტყმებს შეაჩერებენ.

„შესაძლოა, შეამცირონ ერთი სამიზნისკენ მიმავალი რაკეტების რაოდენობა, თუმცა, სავარაუდოდ, პაუზას არ აიღებენ. რადგან ახლა მათ პრიორიტეტში გარკვეული სამიზნეების განადგურებაა, შემდეგ კი ისინი სხვა სამიზნეებზე გადაერთვებიან. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი მათი წარმოების მოცულობებზე იქნება დამოკიდებული – შეძლებენ თუ არა ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნებას,“ – აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ამოცანაა მტრის გეგმების ჩაშლა, პრევენციული მოქმედება და აგრესორისთვის რაც შეიძლება მეტი დანაკარგის მიყენება.

„საერთო ჯამში, სარაკეტო შეიარაღების ძირითადი ტიპების მიხედვით, მათი (რუსების) ყოველთვიური გეგმის შესრულების მაჩვენებელი ამჟამად 110–120%-ია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ივლისში Х-101-ის წარმოების გეგმა 140%-ით შესრულდა, „კალიბრების“ -111%-ით, ხოლო Х-35-ის ფრთოსანი რაკეტის -200%-ით“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

მისი თქმით, ისეთ სისტემებთან დაკავშირებით, როგორიცაა „ცირკონი“ და „ონიქსი“, 3 აგვისტოს მდგომარეობით, მოწინააღმდეგემ უკვე შეასრულა სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებით განსაზღვრული წარმოების წლიური გეგმა.

ამასთან, მთავარი სადაზვერვო დირექტორატის შეფასებით, ივლისში Kh-101, „კალიბრის“ და Kh-32 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვების მხრივ თებერვლის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. რუსებმა თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ 157 რაკეტა გაუშვეს, ივლისში კი – 153.

„რაც შეეხება ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს – 9М723-ს, რომელიც „ისკანდერ-მ“-ის კომპლექსის შემადგენლობაში შედის, РМ-48У-ს, რომელიც С-400-ის სისტემაში გამოიყენება, და „ცირკონს“ – მოწინააღმდეგემ ივლისში 198 ასეთი რაკეტა გაუშვა. ეს მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.