მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 23:13
სწრაფი სიახლე
სპორტი

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან – პირველად ქუთაისში

SportMedia July 12, 2026 3:22 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ, 13 ივლისს, ქუთაისის „აია არენაზე“ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში ტრადიციულ მეტოქეს, იტალიას შეერკინება.

 

აქამდე ამ გუნდებს ერთმანეთში 6-ჯერ უთამაშიათ, თუმცა მეტოქეს არასდროს შევხვედრილვართ საქართველოში. მიუხედავად ამისა, „ჯუნიორ აძურისთან“ დიდი უპირატესობა გვაქვს – 4 მოგება და 1 ფრე. ფრე შარშან იტალიაში დაფიქსირდა (19:19), თუმცა უმცროს ბორჯღალოსნებს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად მაშინ ბონუს-ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, ბოლო წუთამდე მეოთხე ლელოზე ითამაშეს და კონტრშეტევისას ლელო მიიღეს, რის გამოც მეხუთე მოგება ვერ გავიფორმეთ.

 

ჯგუფური ეტაპი ორივე გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველო ა ჯგუფში თბილისში, „ავჭალაზე“ თამაშობდა და უელსს ერთი ქულით ჩამორჩა (24:25), მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ვერაფერს გახდა (5:33), ურუგვაის კი ბონუსით (56:3) აჯობა.

 

იტალია ბ ჯგუფში ქუთაისში, „აია არენაზე“ თამაშობდა. პირველ ტურში ის შოტლანდიასთან ნუგეშ-ქულას დასჯერდა (32:38), იაპონიას ბონუსით მოუგო (41:25), ახალ ზელანდიასთან კი საცხრილო ქულის გარეშე დარჩა (15:45).

 

ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, ვიტო კოლელიშვილის დამწყებ რაზმში სამი ცვლილებაა. ხაზში ფრთის პოზიციაზე თამაშს ავთანდილ ზვიადაძე იწყებს, ბურჯად გიორგი ტურაშვილი ბრუნდება, მეორე ხაზში კი დავით ბარამიას ვიხილავთ.

 

დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს ნიკოლოზ ხალვაშმა, ლუკა ტაბატაძემ, დათა ახვლედიანმა, დავით ბარბაქაძემ, მათე მახარაძემ, თემურ ძოძუაშვილმა,დავით არჩვაძემ, გაბრიელ რაზმაძემ, გიორგი მეფარიშვილმა, ირაკლი ყოლბაიამ, ლუკა ნარსიამ და მიხეილ შიოშვილმა.

 

ორი ცვლილებაა მარქაფაში, სადაც ბურჯი ლუკა იასეშვილი და მესამეხაზელი გიორგი ზაზაძე გამოჩნდნენ. წინა მატჩის მსგავსად შეცვლაზე არიან გიორგი აღნიაშვილი, საბა ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, გიორგი ხონელიძე და დემეტრე დევდარიანი.

 

ვიტო კოლელიშვილი (უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): „კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 48 საათი დასვენებისა და აღდგენისთვის გამოვიყენეთ. იტალიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და დიდი მოლოდინები გვაქვს. თუ ჩვენს სათამაშო პროცესს სათანადოდ წარვმართავთ, დარწმუნებული ვარ გულშემატკივარსაც გავახარებთ. ქართული რაგბისთვის იტალია ბოლო წლებში მთავარი კონკურენტია და ასეა 20-წლამდელებშიც. ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ“.

 

ლუკა ნარსია (უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი): “იტალიასთან შარშან ფრე ვითამაშეთ, რის გამოც ჯგუფიდან სასურველი პოზიციით ვერ გავედით. წელსაც რთულ თამაშს ველით. მზადებისას აქცენტი ხარისხზე და დისციპლინაზე გავაკეთეთ. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად და ლამაზი თამაშის საჩვენებლად გავდივართ. ქუთაისში სპორტი და რაგბი უყვართ, ამიტომ, “აია არენაზეა” გულშემატკივარს მრავლად ველოდებით. იმედი მაქვს სტადიონი გაივსება და კარგი გულშემატკივრობა გვექნება”.

 

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მე-9 ადგილის ნახევარფინალი

13 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო – იტალია

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე; 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge