“აგვისტოს ომი ახალი მომხდარი იყო, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას” – პრემიერი

დღეს შინდისის გმირებზე, მათ გმირობაზე ვსაუბრობთ და ეს ყველაფერი ახალი მომხდარი იყო, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, იქ კონცერტების გამართვას და რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს რუსეთში მოგზაურობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
- როგორც ის განმარტავს, „ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ კონკრეტული ადამიანები უცხოური აგენტურის წარმომადგენლები არიან“.
„საქართველოში არიან ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსები, ე.წ. ენჯეოშნიკები, პარტიული აქტივისტები, მათ შორის, ე.წ. კულტურის თუ კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქმედებენ გარე დაკვეთებით. კონკრეტულად, ამ კულტურის მოღვაწეების მაგალითზე ზუსტად იგივე ჩანს. დღეს შინდისის გმირებზე, მათ გმირობაზე ვსაუბრობთ და ეს ყველაფერი ახალი მომხდარი იყო, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, იქ კონცერტების გამართვას და მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მოგზაურობა რუსეთში. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ადამიანების გარკვეული კასტა არსებობს, რომლებიც მოქმედებენ არა საკუთარი შეხედულებების, საკუთარი შეგრძნებების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას დაუკვეთავენ გარედან. სამწუხაროდ, ეს ვრცელდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებზეც.
მათ სათქმელი არაფერი აქვთ, არც სააკაშვილს, არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელს, რადგან ფაქტი ჯიუტი და ძალიან მარტივია – ადამიანები იყვნენ, რომლებიც 2008-2012 წლებში და მის შემდეგაც, მიესალმებოდნენ ყველაფერს რუსულს, მათ შორის, ტურისტებს რუსეთიდან, ფულს რუსეთიდან და ა.შ. ახლა იგივე ადამიანები გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ არსებითად, ეს ადამიანები არიან უცხოური აგენტურა და ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან მათ გარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან განმარტა, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია.
„მისი კომენტარიც ვნახე სოცმედიაში [ნიკოლოზ რაჭველი]. არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასაც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.