მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 20:37
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს კითხვაზე, რა იგულისხმება მიხაილ გალუზინის განცხადებაში – არ ვიცი, ჩადით და ჰკითხეთ – 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 18:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ჩვენი მიზანი, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და იმედი გვაქვს, პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებას, სადაც გალუზინი ამბობს, რომ „რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან“.

მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია.

„იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს გასაგები მიზეზების გამო, ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება.

ჩვენი მიზანი, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და იმედი გვაქვს, პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, რა იგულისხმება გალუზინის განცხადებაში, პრემიერი პასუხობს: „არ ვიცი, ჩადით და ჰკითხეთ“.

„2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს. დიახ, თქვენ გიშვებთ, თქვენ პარტიას ვგულისხმობ“, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ “რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან”. მისი თქმით, თბილისზე “უპრეცედენტო გარე ზეწოლამ” და “ულტიმატუმებმა”, რომ მოსკოვთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა.

ამასთან, განმარტა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს „საფუძვლად მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები უდევს“.