ევროკომისიის პრესსპიკერი – ოპოზიციის აკრძალვა მიუთითებს, რომ რუსეთს განსხვავებული აზრის ეშინია

ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რუსეთის მიერ ფუნდამენტური თავისუფლებების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის გაგრძელების კიდევ ერთი დასტურია, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „იაბლოკოს“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.
„ეს ძირითადად იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი შეშინებულია, რადგან მათ ნამდვილად სჭირდებათ ნებისმიერი განსხვავებული ხმის აღმოფხვრა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმებით, კრემლი ასევე ახშობს ნებისმიერ შიდა ხმას, რომელიც აკრიტიკებს უკრაინის წინააღმდეგ მის უსამართლო აგრესიულ ომს. ვიტყოდი, რომ ეს გასაკვირია, მაგრამ ასე არ არის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „როდინას“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა. ნაციონალისტური პარტია „როდინას“ სარჩელი ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ უცხოური დაფინანსების მიღებაში, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებდა.