მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 00:37
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში – ინდუსტრიალიზაციის სამი წელი

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 20:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

2023 წლიდან თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. მფლობელობისა და მმართველი გუნდის ცვლილების შემდეგ თიზ-ის სტრატეგიული პრიორიტეტი გახდა აქტიური ინდუსტრიალიზაცია, ბიზნესსაქმიანობის დივერსიფიკაცია და ისეთი ინფრასტრუქტურული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სრულფასოვანი ოპერირების შესაძლებლობას მისცემდა.

ახალი მმართველობის ხედვა თავიდანვე იყო სექტორული, მათ შორის კრიპტოინდუსტრიასთან და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქმიანობის, კონცენტრაციის ეტაპობრივი შემცირება და ზონის გარდაქმნა დივერსიფიცირებულ ინდუსტრიულ და სავაჭრო პლატფორმად, სადაც ერთდროულად განვითარდებოდა ტრადიციული წარმოება, გადამამუშავებელი მრეწველობა, სასაწყობე ლოგისტიკა, საერთაშორისო ვაჭრობა და მაღალტექნოლოგიური პროექტები.

რეგისტრირებული კომპანიებიდან, რეალურ ინდუსტრიულ ოპერაციებამდე

ახალი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, თბილისის თიზ-ში კომპანიების მუდმივი ფიზიკური და საოპერაციო წარმომადგენლობის გაზრდა და ადგილზე ინდუსტრიული პროცესების ინტესიფიკაცია გახდა. ამ მიზნით, მენეჯმენტმა აქცენტი გადაიტანა არა უბრალოდ კომპანიების რეგისტრაციაზე, არამედ ბიზნესის წარმოებისა და სასაწყობე საქმიანობისთვის საჭირო რეალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების შექმნაზე. ახალი კონცეფცია ეფუძნება თითოეული ინვესტორის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, საიჯარო, საოპერაციო და სერვისული გადაწყვეტილებების მიწოდებას.

თბილისის თავისუფალ ზონაში ეტაპობრივად დაინერგა „Plug-and-Play“ და „Build-to-Suit“ მოდელები. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, რომ ზონა ინვესტორს სთავაზობს არა მხოლოდ მიწას ან ცარიელ შენობას, არამედ კონკრეტული ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად აშენებულ, კომუნიკაციებთან მიერთებულ და ოპერირებისთვის მომზადებულ საწარმოო თუ სასაწყობე ობიექტს. შედეგად, ინვესტორს უმცირდება საწყისი კაპიტალური დანახარჯი, პროექტის მატერიალიზაციის ვადა და ადმინისტრაციული დატვირთვა.

როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, თიზ-საც აქვს საკუთარი გამოწვევები. კრიპტოინდუსტრია თანამედროვე ეკონომიკის ნაწილია და მასში მრავალი ლეგიტიმური კომპანია ოპერირებს, თუმცა, როგორც სხვა სექტორებში, აქაც შეიძლება არსებობდნენ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები და ინდუსტრიის გამრავალფეროვნებიდან გამომდინარე ეფექტური სქრინინგი რთულია. თბილისის თიზ მუდმივად აკვირდება რეგისტრირებული ყველა პროფილის კომპანიის საქმიანობას და ნებისმიერი საეჭვო ან არაკეთილსინდისიერი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის და დროულ რეაგირებას.

20 მილიონამდე ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში

პირველივე სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში – რომელიც, ფაქტობრივად, გაუჩერებლად მიმდინარეობდა, განთავსებულმა ინვესტიციამ 20 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ინვესტიციებმა მოიცვეს:

  • საერთაშორისო სტანდარტების საწარმოო და სასაწყობე ობიექტების მშენებლობა
  • მოიჯარეების მოთხოვნებზე მორგებული „Build-to-Suit“ სივრცეების განვითარება
  • შიდა საინჟინრო და კომუნალური ქსელების გაფართოება
  • ყოვლისმომცველი ადმინისტრაციული და საოპერაციო სერვისების ინტეგრირება
  • სატრანსპორტო და ტვირთების მომსახურების გაუმჯობესება
  • შიდა გზების, პარკირების სივრცეებისა და მონიტორინგის სისტემების განვითარება.

ეს მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური ინდუსტრიული უძრავი ქონების გაქირავებისგან. თბილისის თიზ ინვესტორებს დღეს უკვე სთავაზობს ინტეგრირებულ ბიზნესგარემოს, სადაც ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, საბაჟო პროცედურები და ყოველდღიური საოპერაციო სერვისები ერთ სისტემაშია გაერთიანებული.

სამი წლის შედეგები ციფრებში

განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის თავისუფალ ზონაში ბიზნესაქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა:

  • თიზ-ში დასრულდა 15-მდე ახალ საწარმოო, სასაწყობე და ადმინისტრაციული ობიექტის მშენებლობა
  • ზონას შეუერთდა 12 ახალი, სხვადასხვა პროფილის აქტიური ბიზნესსუბიექტი
  • სადღეისოდ არსებული სივრცეების 95% დაიტვირთა
  • მოზიდულ იქნა დამატებით 50 მილიონზე მეტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
  • დივერსიფიცირდა ახალი კომპანიების გეოგრაფიული არეალიც, რომლებიც წარმოადგენენ როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებს
  • ზონის ტვირთბრუნვა თითქმის სამჯერ გაიზარდა
  • დასაქმებულთა რაოდენობა ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა და 17 ჰა -ზე განთავსებულ თბილისის თავისუფალ ზონაში დღეს უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული.

მიღწეულ იქნა სექტორული დივერსიფიკაციის მიზნებიც – თიზ-ში წარმოდგენელია ისეთი ინდუსტრიები, როგორებიცაა: ელექტრონული კომპონენტები, ავიაცია, ავტონაწილები, კვების და სასმელების წარმოება, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის, პლასტმასის და სხვა სამშენებლო მასალების წარმოება და სხვ.

ფარმაცევტული წარმოება და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა

თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების მომდევნო ეტაპი ახალი, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საწარმოო პროექტების მოზიდვას უკავშირდება.

დაგეგმილ პროექტებს შორისაა, დაახლოებით 5 000 კვ მ-ზე, საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, რომლის სამშენებლო ეტაპის დაწყება 2026 წელსაა გათვალისწინებული.

ახალი საწარმო გააფართოებს აქამდე თიზ-ში დამკვიდრებული ფარმაცევტული ჰაბის მიმართულებას და მისცემს მას შესაძლებლობას, ფარმაცევტული ლოგისტიკიდან, ეტაპობრივად, გადავიდეს უფრო მასშტაბურ საწარმოო და გადამამუშავებელ ოპერაციებზე.

ახალი მიმართულება — AI ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ცენტრები

ტრადიციული ინდუსტრიების პარალელურად, თბილისის თავისუფალი ზონა აქტიურად მუშაობს მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაზეც.

ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურისა და “Cloud” ტექნოლოგიების განვითარება. აღნიშნული ტიპის პროექტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალი სიმძლავრისა და სტაბილურ ელექტრომომარაგებას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს, დაცულ ტერიტორიას, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და გრძელვადიან საოპერაციო პროგნოზირებადობას.

განვითარების უწყვეტი პროცესი

ბოლო სამი წლის შედეგები აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურაში და მომსახურების ინტეგრირებაში განხორციელებულ ინვესტიციებს უკვე აქვს კონკრეტული პრაქტიკული ეფექტი: გაიზარდა საწარმოო და სასაწყობე ფართები, გაფართოვდა სექტორული პროფილი, მოიმატა ტვირთბრუნვამ, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ზონაში გაიზარდა მუდმივი ბიზნესოპერაციების რაოდენობა.

თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების ახალი მოდელი გულისხმობს წარმოების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების დაბალანსებულ განვითარებას და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე დამოკიდებულობას. სწორედ ეს დივერსიფიცირებული მიდგომა ქმნის საფუძველს, რომ თბილისის თავისუფალი ზონა ჩამოყალიბდეს თანამედროვე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს მზა ინფრასტრუქტურას, ხელსაყრელ საოპერაციო გარემოს და რეგიონულ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას.