CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, – წერს ტელეკომპანია CNN.
გემების მონიტორინგის პლატფორმა MarineTraffic-ის ცნობით, ადგილობრივი დროით სამშაბათს, შუადღისას, სრუტე მხოლოდ შვიდმა დიდმა გემმა – ორმა ნავთობტანკერმა, ერთმა გაზმზიდმა, სამმა ბალკერმა და ერთმა სატვირთო ხომალდმა გადაკვეთა. ყველა მათგანი სპარსეთის ყურეში შედიოდა.
წინა პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ გემს სრუტის გადასაკვეთად რამდენიმე საათი სჭირდება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი დღის ბოლომდე საგრძნობლად გაიზარდოს.
საზღვაო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ცნობით, გუშინ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მარშრუტზე სულ რვა გემმა გაიარა.
ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ არ ემთხვევა ტრამპის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სრუტე „უკვე ღიაა“.
„შეხედეთ, ერთადერთი, ვინც ახლა ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
ომამდე ამ საკვანძო საზღვაო არტერიას, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მიწოდების მეხუთედი გადიოდა, ყოველდღიურად საშუალოდ 120 გემი კვეთდა.