სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლიაში“ ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში მდებარე საწარო შპს „ანაკლიაში“ კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.