მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 15:56
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინის დარტყმების შედეგად, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პუტინის მდიდრული სასახლე საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე დარჩა – “ახალ ტერიტორია დაუცველია”

Ambebi.ge 12 აგვისტო, 2026 · 12:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე, 1.5 მილიარდ დოლარად შეფასებული სასახლე უკრაინის განმეორებითი დარტყმების შემდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე დარჩა. ამის შესახებ The Moscow Times წერს.

გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში უკრაინამ სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იერიში მიიტანა. სამხედრო ანალიტიკოს იან მატვეევის განცხადებით, თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ თავდასხმების შედეგად სულ მცირე ერთი სარაკეტო გამშვები განადგურდა.

  • “ახლა პუტინის სასახლე დაუცველია“, – განაცხადა მატვეევმა.

პირველი დარტყმა, გავრცელებული ინფორმაციით, 7 აგვისტოს განხორციელდა. უკრაინულმა ძალებმა სასახლის მახლობლად მდებარე ელექტრონული ბრძოლის სისტემა „Волна Купол Гарант“ გაანადგურეს. სისტემა დიდი ტერიტორიის დაფარვას და სატელიტური კომუნიკაციების, მათ შორის Starlink-ის სიგნალის ჩახშობას ემსახურება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ ბროვდის განცხადებით, სისტემის განადგურების შემდეგ უკრაინულმა დრონებმა იქვე განთავსებულ S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იერიშის განხორციელება შეძლეს.

ერთ-ერთი S-400, როგორც The Moscow Times წერს, 9 აგვისტოს განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, სისტემა დარტყმის შემდეგ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იწვოდა, შემდეგ კი მთლიანად განადგურდა.

ე.წ. პუტინის სასახლე შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკის მახლობლად, იდოკოპასის კონცხზე მდებარეობს. უზარმაზარი კომპლექსის ფართობი დაახლოებით 190 000 კვადრატული ფუტია.

სასახლის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2021 წელს შეიტყო, როდესაც ალექსეი ნავალნის გუნდმა მასზე ვრცელი გამოძიება და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. მასში საუბარი იყო კომპლექსის სავარაუდო მფლობელობაზე, მშენებლობის მასშტაბსა და მის დაფინანსებაზე.

გამოძიების მიხედვით, მდიდრულ კომპლექსში არის თეატრი, კაზინო, ჰოკეის მოედანი, ვენახი და სხვა გასართობი სივრცეები. ობიექტის ირგვლივ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვები მის რეალურ მფლობელთან დაკავშირებით, თუმცა კრემლი უარყოფდა, რომ სასახლე პუტინს ეკუთვნის.

წყარო