მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 16:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

Financial Times – ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა, რომლებიც ნოვოროსიისკის პორტით სარგებლობენ

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 14:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა, რომლებიც ნოვოროსიისკის პორტით სარგებლობენ, – ინფორმაციას Financial Times-ი (FT) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმების შეჩერება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 31 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში პირადად სთხოვა.

ჯეი დი ვენსმა ზელენსკის სთხოვა, რომ უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეწყვიტოს, რომელთაც ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში ნედლი ნავთობი გადააქვთ.

FT-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებული იყო იმით, რომ ნავთობტანკერებსა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელება ნავთობის გლობალური ბაზრების სტაბილურობასა და ამერიკული კომპანიების ინტერესებს უფრო მეტად დააზარალებდა.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურასა და არარუსულ ტანკერებს არ დაარტყამს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ტანკერები უკრაინის სანქციების ქვეშ იქნებიან ან რუსულ ნავთობს გადაიტანენ.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ძალიან ყურადღებით ვუსმენთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.