POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

არმინა ფარიანსა და მის ოთხ დას ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე ისევ მოუწიოთ იმ მდევნელებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებსაც ავღანეთიდან გაექცნენ, ამჯერად უკვე გერმანიაში – 27 წლის ფარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანელმა ექსტრემისტებმა დედაქალაქი კვლავ დაიკავეს, ის და მისი დები თალიბანის საწინააღმდეგო აქციების გამო ქაბულში ორჯერ დააპატიმრეს, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, ოჯახი საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა, – წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში“.
„თუმცა ახლა ბერლინმა ფაუსტისეულ გარიგებას მოაწერა ხელი – ავღანელი მიგრანტების დეპორტაციაში თანამშრომლობის სანაცვლოდ, თალიბანს საშუალება ეძლევა, გერმანიაში დიპლომატიური პოზიციები გააძლიეროს. ფარიანისა და იმ სხვა ავღანელი აქტივისტებისთვის, რომლებიც სამშობლოში თალიბანს ეწინააღმდეგებოდნენ, ეს შეთანხმება მათ ყოფილ მდევნელებს დევნილობაშიც კი მათი ცხოვრების გაკონტროლების ახალ ბერკეტებს აძლევს“, – ნათქვამია სტატიაში.
„რთულია იმასთან შეგუება, რომ ჩემს ბედსა და საქმეებზე სწორედ იმ ადამიანებთან მსჯელობენ, ვისგანაც გამოვიქეცი – მათგან, ვინც მჩაგრავდა, მაპატიმრებდა და ჩემზე ძალადობდა“, – განუცხადა POLITICO-ს ფარიანმა.
ფრიდრიხ მერცის მთავრობამ ავღანეთის ხელისუფლებასთან პირველი შეთანხმება გასულ ოქტომბერში გამოაცხადა. გარიგების თანახმად, თალიბანის ოფიციალურ პირებს ბერლინსა და ბონში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე კონტროლი გადაეცემათ, ავღანელი მიგრანტების პირდაპირ ავღანეთში დაბრუნებაზე თანხმობის სანაცვლოდ. ეს თანამშრომლობა მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო გაღრმავდა ახალი შეთანხმებით, რაც გერმანიაში თალიბანის დამატებითი მოხელეების მუშაობას უშვებს, დამატებითი სადეპორტაციო რეისების ორგანიზების სანაცვლოდ – თვეში სამ რეისამდე.
ახალი შეთანხმების თანახმად, გერმანიამ დეპორტაციის მასშტაბი გააფართოვა – პროცესი ეხება არა მხოლოდ დანაშაულში მსჯავრდებულ ავღანელ კაცებს, არამედ, უფრო ფართო გაგებით, ყველა იმ ავღანელ კაცსაც, რომელსაც არ აქვს მინიჭებული დაცვის სტატუსი ან გერმანიაში დარჩენის კანონიერი უფლება.
თალიბანთან დადებული შეთანხმებით გერმანია ევროპაში გამონაკლისად იქცა – ის გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თალიბანის მიერ დანიშნულ მოხელეებს საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის უფლება მისცა. ამ შეთანხმებამდე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სათავეში კვლავ ავღანეთის ყოფილი, პროდასავლური მთავრობის დიპლომატები ედგნენ.
გერმანიაში მყოფი ავღანელი აქტივისტებისთვის ბერლინისა და თალიბანის შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ მან შესაძლოა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენოს დაახლოებით 35 000 ავღანელი. ისინი გერმანიაში სპეციალური ჰუმანიტარული პროგრამებით ჩავიდნენ, როგორც თალიბანისგან განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფი. მათ შორის არიან ფარიანი და მისი დები, აგრეთვე ათასობით უფლებადამცველი და ის ავღანელები, რომლებიც გერმანიის სამხედრო კონტინგენტთან თანამშრომლობდნენ ქვეყანაში მისი თითქმის ოცწლიანი ყოფნის განმავლობაში.
გარდა ამისა, აქტივისტები და ლტოლვილები შიშობენ, რომ გერმანიაში თალიბანის წარმომადგენლობის გაფართოებასთან ერთად, რეჟიმს ხელი მიუწვდება საელჩოებსა და საკონსულოებში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის მათი ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაციაზე, რაც მათ შანტაჟისა და გამოძალვის წინაშე სრულიად დაუცველს გახდის.