მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 15:41
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რას სწერდა სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ექიმს – გასაჯაროვდა შეტყობინებები: შემზარავი ამბის დეტალები

Ambebi.ge 13 აგვისტო, 2026 · 13:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლინდსი კლენსის სასამართლო პროცესზე მისი ექიმთან გაგზავნილი შემაძრწუნებელი შეტყობინებები გასაჯაროვდა.

  • კლენსიმ, რომელიც იმ დროს 32 წლის იყო, 2022 წლის დეკემბერში ექთან-პრაქტიკოს რებეკა ჯოლოტას არაერთი შეტყობინება გაუგზავნა. მიმოწერაში ქალი აღწერდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, შემაწუხებელ და არასასურველ ფიქრებს, უძილობასა და შფოთვას. ის ასევე წერდა, რომ ეშინოდა, შესაძლოა, შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტ ატივანზე დამოკიდებული გამხდარიყო.

ერთ-ერთ შეტყობინებაში კლენსი წერდა, რომ ღამით გაეღვიძა და თავში შემაწუხებელი ფიქრები უტრიალებდა.

  • “მინდოდა, ყველაფერი დასრულებულიყო“, – წერდა ის.

სხვა შეტყობინებაში კი ქალი ამბობდა: “სრულიად დაბუჟებული ვარ. ვგრძნობ, რომ მოვკვდები და არ მაინტერესებს. რა ვქნა?“

ჯოლოტამ სასამართლოში განაცხადა, რომ კლენსის შეტყობინებები მისთვის სუიციდურ აზრებზე მიუთითებდა, თუმცა იმ პერიოდში არ მიაჩნდა, რომ ქალი მედიკამენტებზე დამოკიდებული იყო.

  • კლენსი ჯოლოტას 2022 წლის 29 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე მკურნალობდა. ამ პერიოდში მას რამდენიმე ფსიქიატრიული მედიკამენტი დაენიშნა.

2022 წლის 15 დეკემბერს კლენსიმ ჯოლოტას მეუღლესთან, პატრიკ კლენსისთან ერთად დაურეკა. ექიმის ჩვენების მიხედვით, ქალს მუდმივი და შემაწუხებელი სუიციდური ფიქრები ჰქონდა, თუმცა იმ მომენტში საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების კონკრეტული გეგმა არ არსებობდა.

იმავე დღეს კლენსი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მივიდა. მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონარული მკურნალობა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა და ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება გადაწყვიტა.

  • ჯოლოტამ ასევე გაიხსენა 6 დეკემბრის შეხვედრა კლენსისთან და მის მეუღლესთან. მისი თქმით, მან მაშინ ივარაუდა, რომ ქალს შესაძლოა, ბიპოლარული აშლილობა ჰქონოდა.

ექთან-პრაქტიკოსის განმარტებით, ეჭვი კლენსის სიმპტომებმა გააჩინა – მას თითქმის არ ეძინა, თუმცა დაღლილობას არ უჩიოდა და ზოგიერთ მედიკამენტზე უჩვეულოდ ძლიერი რეაქცია ჰქონდა. ჯოლოტას აზრით, ეს ნიშნები შესაძლოა, მანიაკალურ ან შერეულ მდგომარეობაზე მიუთითებდეს. თუმცა ექიმს არ მიაჩნდა, რომ კლენსი ფსიქოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კლენსის მდგომარეობა საბოლოოდ 2023 წლის 24 იანვარს გაუარესდა – იმ დღეს მან სამი შვილი – 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი – სავარჯიშო რეზინის ზოლებით დაახრჩო. ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა: მაჯები და ყელი გადაიჭრა და სახლის მეორე სართულიდან გადახტა. გადახტომის შედეგად მძიმედ დაშავდა და ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა.

სასამართლოზე ასევე წაიკითხეს კლენსის პირადი დღიურის ჩანაწერები. ქალი წერდა, რომ ებრძოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, ძლიერ შფოთვასა და უძილობას.

ლინდსი კლენსი ამჟამად 36 წლისაა. მისი სასამართლო პროცესი გრძელდება, ხოლო დაცვის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მისი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ქმედებებზე სრულად პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა.

წყარო