უკვე მამუკელაშვილთან ერთად – საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით 15 კალათბურთელი შეიკრიბა — შეკრებაზე გამოცხადდა ყველა მოთამაშე, რომელიც სერბმა სპეციალისტმა გამოიძახა:
მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ორჩიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თვე-ნახევრის წინ დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ჯგუფი, სადაც ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული 3 გუნდი გაერთიანდა მომდევნო, D ჯგუფიდან გასულებთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) და შეიქმნა ახალი, 6-გუნდიანი ჯგუფი.
პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ, შესაბამისად, ერთმანეთში ნათამაშები შედეგები უკვე დაფიქსირებულია. მომდევნო 6 თვეში, 3 ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველოს მოუწევს საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით შეხვედრები, რომლებიდანაც ორს 28 და 31 აგვისტოს — შესაბამისად, მონტენეგროსთან (თბილისში) და სტუმრად პორტუგალიასთან ჩაატარებს.
დღევანდელმა ვარჯიშმა ნაყოფიერად ჩაიარა. სტანდარტულ, ბაზისურ ვარჯიშებთან ერთად, მწვრთნელმა მოთამაშეებს კონკრეტული კომბინაციები დაამუშავებინა. პირველივე ვარჯიშზე კომბინაციების დამუშავება გასაკვირი სულაც არაა, რადგან წინა მატჩებთან მიმართებით ბირთვი ფაქტობრივად უცვლელი, უფრო ზუსტად კი – გაძლიერებულია.
ნაკრებს პირველივე დღიდან შემოუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც წინა ფანჯარაში, როცა უკრაინასთან დავმარცხდით და ესპანეთს მოვუგეთ, ამერიკაში დარჩენის საპატიო მიზეზი ჰქონდა: მოლაპარაკებები „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა. შესაბამისად, მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ლეგენდარული კლუბის წევრის რანგში შეუერთდა.
„ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი, გოგა ბითაძე, ესპანეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ამერიკაში არ დაბრუნებულა – ის საქართველოში იმყოფებოდა და ეროვნული ნაკრების შეკრებაზე პირველივე დღეს გამოცხადდა. შეკრებებს შორის პერიოდში თორნიკე შენგელიამ მოასწრო კლუბის გამოცვლა და „ბარსელონადან“ „დუბაიში“ გადაბარგდა, ნაკრების წევრთა ნაწილი კი — დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე და გიორგი ტურძილაძე – ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტები არიან.
ოფიციალურ მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 2 სპარინგ-მატჩს გამართავს: პირველს, 19 აგვისტოს, ლიბანის ნაკრებს დახურულ კარს მიღმა ეთამაშება, ხოლო 23-ში, ისრაელთან მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან.
GBF.GE
წყარო: Sportall.ge