შემოსავლების სამსახური – დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა სექტორში მეწარმე სუბიექტების გადამოწმებისას (დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის პროგრამის დარღვევის) 4 580 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს დაქირავებულ პირთან შრომითი კონტრაქტის გაფორმებისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ მათი ასახვა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, უწყების მიერ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.