მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 00:27
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ირანიდან საამიროების მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს – არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყება

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 22:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანიდან ქვეყნის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. უწყების ცნობით, არცერთი მათგანი ხმელეთზე არ ჩამოვარდნილა.

„ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან საამიროების მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა დააფიქსირეს. პირველი რაკეტა ქვეყნის ტერიტორიული წყლების გარეთ ჩამოვარდა, ხოლო მეორე ტერიტორიულ წყლებში. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კვლავ მაღალ მზადყოფნაშია, სრულად არის მზად ნებისმიერი საფრთხის გასამკლავებლად და მტკიცე პასუხის გასაცემად ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების უსაფრთხოების შერყევას ისახავს მიზნად. ეს გაკეთდება ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე მისი ინტერესებისა და ეროვნული შესაძლებლობების დასაცავად“, – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

„როიტერის“ ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს ტელეფონებზე შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვითარება უსაფრთხოა და მოსახლეობას ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა. შეტყობინება მას შემდეგ გაიგზავნა, რაც უწყებამ მოსახლეობა სარაკეტო საფრთხის შესახებ გააფრთხილა.