თურქეთი სირიის ავიაბაზაზე თურქული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო განთავსების შესახებ ისრაელის ბრალდებებს უარყოფს და სირიაზე მის თავდასხმას გმობს

თურქეთმა უარყო ისრაელის ბრალდებები სირიის ავიაბაზაზე თურქული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო განთავსების შესახებ და თელ-ავივის მიერ განხორციელებული ავიაიერიში სირიის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნია, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ემსახურება ისრაელში მოსალოდნელი არჩევნების წინ „ექსპანსიონისტური და დესტაბილიზაციის გამომწვევი პოლიტიკის“ გატარებას.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ წამოყენებული უსაფუძვლო ბრალდებები მიზნად ისრაელის იმ უკანონო ავიაიერიშების ლეგიტიმაციას ისახავს, რომლებიც სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება. თურქეთი მტკიცედ გააგრძელებს სირიის მთავრობასთან კანონიერ საფუძველზე თანამშრომლობას მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებისთვის და არასოდეს დაუშვებს სირიის დესტაბილიზაციას“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, სამშაბათს ისრაელმა ავიაიერიშები განახორციელა თურქეთის საზღვართან ახლოს, ალეპოს მიმდებარე მდებარე აბუ ად-დუჰურის ავიაბაზაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, სირია აღნიშნულ ბაზაზე თურქული ჯარების განთავსების დაშვებით არღვევდა „უსაფრთხოების საკითხებში ისრაელთან შეთანხმებულ სტატუს-კვოს“, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ისრაელის უსაფრთხოებას და თელ-ავივი ამას არ მიიღებდა.