7 ფეხბურთელი, რომელმაც “რეალს” “ბარსელონა” არჩია

მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” როდრი ოფიციალურად გაიფორმა, რითაც კატალონიელთა გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააბედნიერეს. აღსანიშნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედ საუკეთესო ფეხბურთელს შეთავაზება მადრიდის “რეალმაც” გაუკეთა, თუმცა “ლა როხას” ერთ-ერთმა ლიდერმა უარით გაისტუმრა და გეზი მოწინააღმდეგე ბანაკისკენ აიღო.
მსგავსი შემთხვევა ხშირად არ დამდგარა, წარმოგიდგენთ 7 ფეხბურთელს, რომელმაც “ბლანკოსს” უარი “ბლაუგრანას” გამო უთხრა.

დავიდ ვილია
ესპანელი თავდამსხმელი “ბარსელონაში” 2010 წლის ზაფხულში “ვალენსიიდან” გადავიდა. კატალონიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთელმა კი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ჰქონდა. ვილია „ლურჯ-ბროწეულისფრებში“ უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავის სტატუსით მივიდა, “ვალენსიაში” გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში 166 მატჩში 108 გოლი გაიტანა.
კატალონიურ გრანდში ვილიამ 2010-დან 2013 წლამდე სამი სეზონი გაატარა და ოფიციალურ შეხვედრებში 119 მატჩში 48 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2010/11 წლების სეზონი, როდესაც თავდამსხმელმა “ბარსელონასთან” ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში, სწორედ მან გაიტანა “ბლაუგრანას” მესამე გოლი და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.
საბოლოოდ, დავიდმა “ბარსელონას” მაისურით რვა ტიტული მოიგო: ორი ლა ლიგა (2010/11, 2012/13), ჩემპიონთა ლიგა (2010/11), კოპა დელ რეი (2011/12), ესპანეთის სამი სუპერთასი (2010, 2011, 2012), უეფას სუპერთასი (2011) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2011).
მისი კატალონიური პერიოდი 2011 წლის დეკემბერში მიღებულმა წვივის მძიმე ტრავმამ შეაფერხა, რის გამოც დარჩენილი სეზონი გამოტოვა. 2012/13 წლების სეზონში ვილია დაბრუნდა და გუნდს კიდევ ერთი ლა ლიგის ტიტულის მოგებაში დაეხმარა. 2013 წლის ზაფხულში კი “ბარსელონა” დატოვა და “ატლეტიკოში” გადავიდა, სადაც მომდევნო სეზონში კიდევ ერთი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

რონალდინიო
ბრაზილიელი ვარსკვლავი “ბარსელონაში” 2003 წლის ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენიდან” გადავიდა. კატალონიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა. “სელესაოელმა” ვირტუოზმა “ბარსელონასთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რონალდინიო ესპანეთში 2003-დან 2008 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდში კლუბის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ოფიციალურ შეხვედრებში ბრაზილიელმა 207 მატჩში 94 გოლი გაიტანა. მისი ეპოქა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კლუბისთვის, რომელმაც ხანგრძლივი უტიტულო პერიოდის შემდეგ წარმატებების დაბრუნება სწორედ რონალდინიოს ლიდერობით დაიწყო.
რონალდინიოს გუნდში გატარებული პერიოდის მთავარი მიღწევა 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. გარდა ამისა, მან კატალონიურ კლუბთან ერთად ორი ლა ლიგის (2004/05, 2005/06) და ორი ესპანეთის სუპერთასის (2005/06, 2006/07) მოგება შეძლო.
ბრაზილიელის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2005 წლის 19 ნოემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “რეალთან” მატჩი იყო, სადაც ორი გოლი გაიტანა, “ბარსელონამ” კი 3:0 მოიგო. მისი შესრულება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მადრიდელი გულშემატკივრების ნაწილმა ბრაზილიელს ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით გააცილა. ინდივიდუალურადაც ეს პერიოდი რონალდინიოს კარიერის პიკი იყო. მან 2004 და 2005 წლებში FIFA World Player-ის ჯილდო, ხოლო 2005 წელს “ოქროს ბურთი” მოიგო.
2008 წლის ზაფხულში რონალდინიო “ბლაუგრანას” დაემშვიდობა და “მილანში” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 21 მილიონი ევრო შეადგინა, რომელსაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატა. ასე დასრულდა მისი ხუთწლიანი კატალონიური ეპოქა, რომელმაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი.

სამუელ ეტო’ო
კამერუნელი თავდამსხმელი “ბარსელონაში” 2004 წლის ზაფხულში “მალიორკადან” გადავიდა. მისი ტრანსფერი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას “რეალიც” ცდილობდა. მადრიდულ კლუბს ეტოოს უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ბერკეტები ჰქონდა და მისი დაბრუნება სურდა. საბოლოოდ, ხანგრძლივი სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ეტო’ო “ბარსელონას” შეუერთდა. ტრანსფერის საერთო ღირებულება დაახლოებით 24 მილიონ ევროს შეადგენდა. იმ პერიოდში ესპანურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ თავად ფეხბურთელს “რეალში” დაბრუნება არ სურდა და მხოლოდ “ბარსელონაში” გადასვლას განიხილავდა.
ეტო’ომ “ბლაუგრანაში” 2004-დან 2009 წლამდე ხუთი სეზონი გაატარა და კლუბის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავდამსხმელად ჩამოყალიბდა. ოფიციალურად 202 მატჩი ჩაატარა და 133 გოლი გაიტანა. კლუბის სხვა სტატისტიკურ ბაზაში ყველა მატჩის ჩათვლით მისი მაჩვენებელი 234 შეხვედრა და 152 გოლია.
კამერუნელმა “ბარსელონასთან” ერთად 10 ტიტული მოიგო: სამი ლა ლიგა (2004/05, 2005/06, 2008/09), ორი ჩემპიონთა ლიგა (2005/06, 2008/09), ერთი კოპა დელ რეი (2008/09), ორი ესპანეთის სუპერთასი (2005/06, 2006/07) და ორი კატალონიის თასი (2004/05, 2006/07). განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2008/09 წლების სეზონი, როდესაც “ბარსელონამ” ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა ერთად დაიპყრო.
ეტო’ოს “ბარსელონური” კარიერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მნიშვნელოვანი მატჩების დროს გატანილი გოლები იყო. მან ორივე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოიჩინა თავი, 2006 წელს “არსენალის” წინააღმდეგ, ხოლო 2009 წელს – “მანჩესტერ იუნაიტედის”.
ინდივიდუალურადაც ეტოოს კატალონიაში გამორჩეული პერიოდი ჰქონდა, ორჯერ მოიგო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, 2003, 2004 და 2005 წლებში კი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2009 წლის ზაფხულში სამუელმა “ბარსელონა” დატოვა და “ინტერის” ფეხბურთელი გახდა. სწორედ იტალიურ კლუბში გააგრძელა მან წარმატებული კარიერა და იმავე სეზონში “ინტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება შეძლო. ამით ეტო’ო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთაგანი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორ სეზონში, ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოიგო.

ნეიმარი
ბრაზილიელი ვარსკვლავი “ბარსელონაში” 2013 წლის ზაფხულში “სანტოსიდან” გადავიდა. კატალონიურმა კლუბმა თავდაპირველად ტრანსფერის ღირებულებად 57 მილიონი ევრო დაასახელა, თუმცა მოგვიანებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით, “ბარსელონამ” ბრაზილიურ გუნდს 21 მილიონი ევრო გადაუხადა, დარჩენილი კი გარიგების სხვადასხვა დამატებითი შეთანხმებისთვის იყო საჭირო.
ნეიმარმა “ბარსელონაში” 2013-დან 2017 წლამდე ითამაშა, კატალონიური კლუბის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ოფიციალურ შეხვედრებში 186 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში ბრაზილიელმა ლიონელ მესისა და ლუის სუარესთან ერთად ისტორიული შეტევითი ტრიო შექმნა. სამეულმა 2014-დან 2017 წლამდე ერთად თავი 363-ჯერ გამოიჩინეს, რაც წარმოუდგენელი შედეგია.
სამხრეთ ამერიკელის “ბარსელონური” პერიოდის მთავარი მიღწევა 2014/15 წლების სეზონში ტრებლის მოგება იყო, გუნდმა ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში “იუვენტუსის” წინააღმდეგ ნეიმარმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. საერთო ჯამში, მან “ბარსელონასთან” ერთად 10 ტიტული მოიგო: 2 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
2015 წელი ნეიმარის ინდივიდუალური კარიერისთვისაც გამორჩეული აღმოჩნდა, “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა. იმავე წელს ის ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. დღემდე უამრავი გულშემატკივრის აზრით, სწორედ ბრაზილიელი იმსახურებდა ზემოხსენებულ ტიტულს.
2017 წლის ზაფხულში ნეიმარმა “ბარსელონა” დატოვა და “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში იმ დროისთვის უპრეცედენტო იყო, ფრანგულმა კლუბმა მისი გამოსასყიდი პუნქტი, 222 მილიონი ევრო, სრულად გადაიხადა და ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. “ბლაუგრანასთან” მისი ოთხწლიანი პერიოდი დასრულდა, თუმცა ამ წლებმა ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან ფეხბურთელად საბოლოოდ დაამკვიდრა, მაგრამ გამუდმებულმა ტრავმებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

დანი ალვეში
ბრაზილიელი მარჯვენა მცველი “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში “სევილიადან” 29.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა გადავიდა.
კატალონიურ კლუბში ალვეშმა 2008-დან 2016 წლამდე რვა სეზონი გაატარა და შემდეგ, 2022 წლის დასაწყისში, მცირე ხნით დაბრუნდა. პირველ ეტაპზე ბრაზილიელი გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი იყო და პეპ გვარდიოლას ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ, სამხრეთ ამერიკელის საგოლე გადაცემები თუ ულამაზესი გოლები.
ალვეშმა “ბარსელონას” მაისურით 400-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. მათ შორის იყო 6 ლა ლიგა, 3 ჩემპიონთა ლიგა, 4 კოპა დელ რეი, 4 ესპანეთის სუპერთასი, 3 უეფას სუპერთასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2008/09 და 2014/15 წლების სეზონები, როდესაც “ბარსელონამ” ტრიპლეტი მოიგო. ალვეში ორივე ტრიუმფალური გუნდის წევრი იყო.
2016 წლის ზაფხულში ალვეშმა “ბარსელონა” დატოვა და “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მოგვიანებით მისი კარიერა “პარი სენ-ჟერმენში” და “სან პაულუში” გაგრძელდა, ხოლო 2022 წელს 38 წლის ასაკში კვლავ დაბრუნდა “ბარსელონაში”. მეორე სუნთქვა ხანმოკლე აღმოჩნდა და იმავე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს საბოლოოდ დაემშვიდობა.

ლუის სუარესი
ურუგვაელი თავდამსხმელი “ბარსელონაში” 2014 წლის ზაფხულში “ლივერპულიდან” გადავიდა. 10 ივლისს კლუბებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, სუარესმა კი კატალონიურ გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ზუსტი საბოლოო ღირებულება სხვადასხვა წყაროში განსხვავებულად არის წარმოდგენილი, თუმცა მაშინდელი ცნობებით, “ბარსელონამ” ფეხბურთელში დაახლოებით 81 მილიონი ევრო გადაიხადა.
სუარესმა “ბარსელონაში” 2014-დან 2020 წლამდე ითამაშა და ამ პერიოდში გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან თავდამსხმელად ჩამოყალიბდა. ოფიციალურ მატჩებში მან 283 შეხვედრაში 195 გოლი გაიტანა. მისი საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი 2015/16 გამოდგა, ურუგვაელმა ყველა ტურნირზე 59 გოლი მიითვალა, ლა ლიგაში კი 40 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კარიერაში მეორედ მოიგო “ოქროს ბუცი”.
მისი პირველი სეზონი განსაკუთრებული გამოდგა. ლიონელ მესისა და ნეიმართან ერთად სუარესმა ცნობილი ტრიო შექმნა, რომელმაც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი შეტევა ჩამოაყალიბა. 2014/15 წლების სეზონში “ბარსელონამ” ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსის” წინააღმდეგ სუარესმა მეორე გოლი გაიტანა, მატჩი კი 3:1 დასრულდა.
საერთო ჯამში, სუარესმა “ბარსელონასთან” ერთად 13 ტიტული მოიგო: 4 ლა ლიგა, 4 კოპა დელ რეი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი, 1 უეფას სუპერთასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
2020 წლის სექტემბერში ურუგვაელმა “ბარსელონა” დატოვა და “ატლეტიკოში” გადავიდა. ალბათ ყველას ახსოვს ის ემოციები, რომლებიც ლეგენდარულ ფეხბურთელს ჰქონდა, როცა “როხი ბლანკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ ჰქონდა.

რივალდო
რივალდო “ბარსელონაში” 1997 წლის ზაფხულში “დეპორტივოდან” გადავიდა. კატალონიურმა კლუბმა მისი გამოსასყიდი პუნქტი სრულად გადაიხადა, რომელიც 4 მილიარდ პესეტას, დაახლოებით 24 მილიონ ევროს შეადგენდა. რივალდო იმ დროისთვის “დეპორტივოს” მთავარი ვარსკვლავი იყო და “ბლაიგრანამ” ის რონალდოს შემცვლელად შეიძინა, რომელიც იმავე ზაფხულს “ინტერში” გადავიდა.
რივალდომ “ბარსელონაში” 1997 წლიდან 2002 წლამდე ხუთი სეზონი გაატარა. ამ პერიოდში ოფიციალურად 235 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ძირითადად მარცხენა ფლანგზე და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მისი მთავარი იარაღი ძლიერი დარტყმა, ტექნიკა და საგოლე ალღო იყო.
უკვე პირველივე სეზონში რივალდოს კატალონიელებთან ერთად ლა ლიგის, კოპა დელ რეისა და უეფას სუპერთასის მოგება გამოუვიდა. 1998/99 წლების სეზონში გუნდმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თავად რივალდოსთვის კი ეს წელი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მან “ოქროს ბურთი” და ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.
რივალდოს “ბარსელონური” კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი 2001 წლის 17 ივნისს “ვალენსიასთან” მატჩი იყო. გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გამარჯვება სჭირდებოდა. ბრაზილიელმა შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მათ შორის მატჩის ბოლო წუთებზე საოცარი მაკრატელა დარტყმით გაიტანა და გუნდს 3:2 გამარჯვება მოუტანა. ეს გოლი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად დარჩა.
2002 წლის ზაფხულში რივალდომ “ბარსელონა” დატოვა და “მილანში” გადავიდა. იტალიურ კლუბში მან პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის თასის მოგება შეძლო. საბოლოოდ, ბრაზილიელმა “ბარსელონას” მაისურით 2 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 1 უეფას სუპერთასი მოიგო. ინდივიდუალურად კი მისი მთავარი მიღწევა 1999 წლის “ოქროს ბურთი” იყო. ხუთი წლის განმავლობაში ბრაზილიელმა გუნდის ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა და “ბლაუგრანას” ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად დარჩა.
წყარო: Sportall.ge