მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 21:33
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ლანა გალდავა – რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები, ერთ-ერთი საფრთხეა საზღვრის კონტროლის თემა

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 19:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ცხადია, რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები, ერთ-ერთი საფრთხეა საზღვრის კონტროლის თემა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეების ნაკადი მკვეთრად გაზრდილია.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მკაცრი კონტროლი საზღვრის დაცვის მიმართულებით.

„ცხადია რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები, ერთ-ერთი საფრთხე არის სწორედ საყოველთაო მობილიზაცია რუსეთში, საზღვრის კონტროლის თემა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის ვნახეთ საქართველოში შემოსული თუნდაც „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების წევრები, პროპაგანდისტი ჟურნალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ომის მანქანაში. ამავდროულად, ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამიტომაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს და რაც გასაკეთებელია არის მკაცრი კონტროლი საზღვრის დაცვის მიმართულებით“.- განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მანამდე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 20 000 ადამიანმა გადაკვეთა.