ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

ოქტომბერში ესპანეთში ვუდი ალენის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დაიწყება. Deadline-ის ცნობით, პროექტი „უპირატესად ინგლისურენოვანი“ იქნება. ფილმში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა „ვარსკვლავური შემადგენლობა“, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაკომპლექტებულა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია სურათის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები.
ალენის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დიდი იღბალი“, რომელიც ფრანგულ ენაზეა გადაღებული, 2023 წელს გამოვიდა. სურათის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. „დიდი იღბლის“ გადაღებების დაწყებამდე ალენმა განაცხადა, რომ ამ ნამუშევარზე მუშაობის დასრულების შემდეგ კინოკარიერის დასრულებას გეგმავდა: „ჩემი ახალი ფილმი რიგით 50-ე იქნება. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი მომენტია შესაჩერებლად“.