მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 18:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 15:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს.

ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟი და დანაშაულებრივ სქემებში ჩართული სხვა პირები. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ქონების რეალური მესაკუთრეებისა და მისი დანაშაულებრივი წარმომავლობის დასაფარად, იგი დაკავშირებულ კომპანიებზე ფორმდებოდა. შემდეგ კი შეძენილი ქონების მესამე პირებზე გასხვისება და გაყიდვა ხდებოდა“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების მისამართებზე ჩხრეკა დღეს დილით ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა მისი კიდევ ერთი ვაჟის, სომხეთის პარლამენტის წევრის, ლევონ ქოჩარიანის სახლში. მოგვიანებით, საგამოძიებო ორგანოებმა რობერ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.