“225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე” – პროკურორი მძღოლზე, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა

პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც გორში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილით დედა-შვილს დაეჯახა, 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.
- როგორც მგალობლიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ჯარიმები მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე იყო გამოწერილი.
რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
წაიკითხეთ ასევე: