მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 18:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

ესპანეთი VS არგენტინა: ეპოქების გადაკვეთა ნიუ-ჯერსიში

SportMedia 17 ივლისი, 2026 · 08:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

მუნდიალის ფინალის წინ, როცა კალენდარზე მხოლოდ ერთი, მთავარი მატჩია დარჩენილი, საწერ მაგიდასთან ჯდომა ყველაზე რთულია. თავში ქაოსია, ზუსტად ისეთივე, როგორიც ინგლისის ნაკრების დაცვას მშვენიერ 15 ივლისს ჰქონდა, მაგრამ ამაზე მოდი ცოტა მერე ვისაუბროთ. დღეს ჩემი ქაოსი ფეხბურთმა გამოიწვია და ორად მგლეჯს. აი, შემომხედეთ: სასწორის ერთ პინაზე ესპანეთის ნაკრები დევს, სადაც ჩემი სათაყვანო „ბარსელონას“ რვა ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა ყოველი პასი, შეცდომა თუ ტრიუმფი ჩემს ყოველკვირეულ განწყობას, ჩემს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. მეორე მხარეს კი თავად ფეხბურთის სული დგას, ხორცშესხმული ლეო მესის სახით. და თუკი შენს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიგრძნია ის წმინდა, ბავშვური ჟრუანტელი, რომელსაც მხოლოდ მინდორზე დაგორებული ტყავის ბურთი ბადებს, როგორ უნდა აუარო გვერდი ამ კაცის ქომაგობას? როგორ უნდა ისურვო, რომ ისტორიის ბოლო ფურცელი მისთვის ტრაგიკულად დაიხუროს? 

 

mesi-1784269228.jpg

 

ეს ფინალი ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეჯახებაა. თუ ამ ბრძოლის არსს ჩავუღრმავდებით, ესპანეთის გზა ამ ფინალამდე დიდი ხნის წინ დაწერილი, ტკივილითა და იმედგაცრუებით სავსე რომანია. გაიხსენეთ თუნდაც 1994 წლის ამერიკული მუნდიალი და მეოთხედფინალი იტალიასთან, რობერტო ბაჯოს გადამწყვეტი გოლი და სისხლიანი ლუის ენრიკე, რომელსაც მაურო ტასოტიმ იდაყვი სახეში ჩაარტყა, მსაჯმა კი პენალტი არ დანიშნა. და დრომ დაიწყო ესპანური საფეხბურთო უიღბლობის ათვლა. 2002 წლის სამხრეთ კორეა, სადაც ეგვიპტელმა მსაჯმა, გამალ ალ-განდურმა, ესპანელებს ორი სრულიად სუფთა გოლი გაუუქმა და მასპინძლები პენალტების სერიით ნახევარფინალში გაათრია. „ფურია როხას“ ისტორია მუდამ ასეთი დაუმთავრებელი, გაწყვეტილი წინადადებებისგან შედგებოდა. თამაშობდნენ ხისტად, ზოგჯერ უხეშადაც კი (იმ ძველ, მებრძოლ სტილში), მაგრამ ფინალის კარი მათთვის მუდამ მძიმე ბოქლომით იყო ჩაკეტილი.

 

ყველაფერი 2010 წელს შეიცვალა სამხრეთ აფრიკის ხვატში. სწორედ მაშინ, როცა ნაკრების ბირთვს ჩემი სათაყვანო „ბარსელონა“ შეადგენდა.  ჩემპიონატი შვეიცარიასთან მოულოდნელი წაგებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ნერვების მომშლელი, მძიმე 1:0-ების სერია პლეი-ოფში და ბოლოს, ფინალი იოჰანესბურგში, რობენის გაფუჭებული მომენტი, იკერ კასილასის ის ისტორიული მოგერიება ფეხით და ანდრეს ინიესტას ლეგენდარული გოლი ფინალის 116-ე წუთზე. რითაც ჰარი პოტერის მამად წოდებულმა დაამტკიცა, რომ ესთეტიკას შეუძლია ამგვარ საფეხბურთო სამყაროში გაიმარჯვოს.

 

images-17-1784269354.jpg

 

მაგრამ მუნდიალს არ უყვარს მარადიული ზღაპრები,სჩვევია იმ ტახტების მსხვრევა, რომლებსაც ჩვენ ხელშეუხებლად მივიჩნევთ. ჯერ იყო 2014 წლის ბრაზილიური მუნდიალი და  ჩემპიონების იმპერია ჩვენს თვალწინ ჩამოიშალა. შემდეგ რუსეთის ცივი, უემოციო და ნაცრისფერი მოსკოვი 2018-ში, სადაც ესპანეთმა პენალტებში დალია სული. და ბოლოს, 2022 წლის კატარი, ცხელი დოჰა, სადაც მაროკოსთან დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს. 

 

და აი, დღეს, როცა ამერიკის, კანადისა და მექსიკის უზარმაზარ სივრცეებში გაშლილი საფეხბურთო მონსტრი ფინიშის ხაზს უახლოვდება, ეს ახალი ესპანური თაობა ისევ ირწმუნება, რომ აბრუნებს იმ ძველ, თითქმის დაკარგულ რწმენას. „ბარსას“ რვა ბიჭით ზურგგამაგრებული ეს ნაკრები აღარ ჰგავს იმ ძველ „ტიკი-ტაკას“, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ. წლევანდელ მუნდიალზე ესპანეთმა დაიწყო დრამატურგიით სავსე ნოველის წერა, რომელიც კაბო-ვერდესთან უცნაური 0:0-ით დაიწყო. ზუსტად იმ მომენტში, როცა სკეპტიკოსებმა ისევ ძველი აჩრდილების ძიება და კრიტიკა დაიწყეს, ამ გუნდმა  საუდის არაბეთი 4:0 გაანადგურა და ურუგვაისთან მძიმე 1:0-ით გამარჯვება მოიპოვა. პლეი-ოფის ბადეში ავსტრიის 3:0 გააცამტვერეს, 1/16 ფინალში, მეზობელ პორტუგალიასთან 1:0, ბელგიასთან ნერვების მომშლელი 2:1 მეოთხედფინალში და, ბოლოს, ის ნახევარფინალური შედევრი, სადაც  ბევრისთვის უძლეველი საფრანგეთი უშანსოდ, 2:0 დატოვეს თამაშგარეშე და ვიხილეთ ძველი „გერილას“ თანამედროვე ვერსია. 

 

მაგრამ მოდით, წამით თავი დავანებოთ ამ სუფთა ევროპულ თამაშს. გადავუფრინოთ ატლანტიკას და ჩავისუნთქოთ სამხრეთამერიკული ჰაერი, რომელიც სულ სხვა ამბიციებითაა გაჯერებული.

 

ყველაფერი ჯერ კიდევ  1930 წლის ურუგვაის მუნდიალზე დაიწყო, სადაც არგენტინა ფინალამდე მივიდა. 4:2, მონტევიდეოდან ბუენოს-აირესში დაბრუნებულ არგენტინელებს პირველი ოქროს შანსი ხელიდან გაუსხლტათ და სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მათ ამბიციას, ყოფილიყვნენ საუკეთესონი სამყაროში. მოგეხსენებათ და სამხრეთ ამერიკელები ნამდვილად ამბიციური ხალხია. პირველი ოქროს თასი არგენტინამ საკუთარ სახლში, 1978 წელს აღმართა, თუმცა ეს გამარჯვება დღემდე რჩება ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფურცლად. ქვეყანას სასტიკი სამხედრო ხუნტა მართავდა გენერალ ვიდელას მეთაურობით. მოედანზე კი სეზარ ლუის მენოტის ლამაზი ფეხბურთით გაჯერებული „მენოტიზმი“ პირველი დიდი გამარჯვებით ტკბობას იწყებდა, მარიო კემპესის დუბლმა ფინალში ნიდერლანდები გაანადგურა (3:1). 

 

images-18-1784269464.jpg

 

1986 წლის ერთი კაცის, მექსიკური მუნდიალი. დიეგო არმანდო მარადონას ინდივიდუალური დომინაცია, რომელიც მიუღწეველ მწვერვალად დარჩება, მანამ  სანამ ეს დედამიწა ბრუნვას განაგრძობს. ის მეოთხედფინალი ინგლისის წინააღმდეგ ხომ საერთოდ ფეხბურთზე ბევრად მეტია. პასუხი ფოლკლენდის ომში დაღვრილ სისხლზე, წაგებულ ბრძოლასა და მრავალწლიან ეროვნულ დამცირებაზე. და აი, სულ რაღაც ოთხიოდე წუთში დიეგომ კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე  გენიალური გოლი შეაგდო. ჯერ იყო „ღმერთის ხელი“ (La Mano de Dios). ეშმაკური, წმინდა წყლის ხულიგნური შეხება, რომელმაც ინგლისელთა თავდაჯერებულობა ნამსხვრევებად აქცია. და მერე, თითქოს დანაშაულის გამოსასყიდად, მოაყოლა „საუკუნის გოლი“: 60-მეტრიანი სიგიჟე. ფინალში გერმანიის 3:2 დამარცხების შემდეგ, დიეგომ თასი „აცტეკას“ ცაში აღმართა და საბოლოოდ გადაიქცა არგენტინულ ღვთაებად. სწორედ იქიდან იშვა „ბილარდიზმი“. კარლოს ბილარდოს ფილოსოფია, რომელსაც ასეთ სახელს დავარქმევდი: გამარჯვება ნებისმიერ ფასად.

 

მაგრამ საფეხბურთო ღმერთებს, როგორც ვახსენე, მარადიული ზღაპრები არ უყვართ. 1986 წლის შემდეგ არგენტინის მუნდიალების ისტორია დიდწილად ტრაგიკულ ფინალებთან ასოცირდება. გაიხსენეთ იტალია 1990: დასუსტებულმა, ტრავმირებულმა და ცალი ფეხით მოთამაშე მარადონამ გუნდი ისევ ფინალამდე მიათრია, თუმცა იქ რობერტო სენსინის მიერ მიხაელ კოდეზე საეჭვო ჯარიმამ და ანდრეას ბრემეს პენალტმა არგენტინას ტიტული გამოსტაცა (0:1). მერე მოვიდა აშშ 1994 და დიეგოს ის წყეული სკანდალი, ტურნირიდან მოკვეთა. და, რა თქმა უნდა, ბრაზილია 2014, ლეო მესის პირველი დიდი შანსი „მარაკანას“ ლეგენდარულ სტადიონზე. გონსალო იგუაინის ის გაფუჭებული მომენტები და მარიო გიოტცეს გოლი 113-ე წუთზე… მესის ოცნება მაშინ იქვე ჩამოიშალა. 

 

giotce-1784269523.jpg

 

თუმცა, 36-წლიანი დაუსრულებელი მოლოდინი, წყევლა და ათასი იმედგაცრუება 2022 წლის დეკემბერში, დოჰაში ფეხბურთის მესიათი დასრულდა, რომელიც ერთია და ისიც მესია. მესის დუბლი, კილიან მბაპეს გიჟური ჰეთ-თრიკი და მერე… 123-ე წუთი.  როცა რანდალ კოლო მუანი ემილიანო მარტინესის პირისპირ დარჩა. აი, ზუსტად იმ წამს, დარწმუნებული ვარ, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს, ჩემიანად, წამიერად გული გაუჩერდა. დიბუს სეივი და ფეხბურთი გადარჩა. და მერე დადგა პენალტების სერია. ის 50 მეტრი სიმარტოვე, პირლო რომ წერდა თავის წიგნში. მონტიელმა ბურთი ბადეში შეაგორა, მესი მოედანზე მუხლებზე დაეცა და მეც მივხვდი, რომ ჩემს თვალწინ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი რამ მოხდა, წყევლა მოიხსნა. არგენტინა მესამე ვარსკვლავით დაგვირგვინდა. 

 

2026 წლის ამერიკული მუნდიალი. ჯგუფში საქმე ალჟირთან, ავსტრიასა და იორდანიასთან ზედმეტი აყალმაყალის გარეშე მოგვარდა. 1/16-ფინალში, კაბო-ვერდესთან, ვიხილეთ აფრიკელთა და სამხრეთ ამერიკელთა ომი. 3:2 გამარჯვება. მივიღეთ პირველი მკაცრი გაფრთხილება: ალბასეტე მსოფლიო ჩემპიონია და თავიანთ ოქროს გვირგვინს უბრძოლველად არავის დაუტოვებს. ეგვიპტესთან მერვედფინალმა ბურთი ჩვენს ნერვებზე აათამაშა. მეტოქემ საკუთარ კართან გაუვალი, ორმაგი კედელი ააშენა და მესის შესაჩერებლად არაფერს მოერიდა. თუმცა ეს ჯახიც  3:2 დასრულდა. სამაგიეროდ, შვეიცარიასთან მეოთხედფინალში ვიხილეთ “ლა ნუესტრა”,  3:1 განტვირთვის ტოლფასი გამარჯვება, რომელიც გვამზადებდა რაღაც უფრო დიდისთვის…და ბოლოს, ნახევარფინალი ინგლისთან. ნიუ-ჯერსის ნოტიო ჰაერში, პირველივე წუთიდან იგრძნობოდა, რომ ეს მატჩი კლასიკურ სპორტულ ჩარჩოებს სცდებოდა. იქ, მეტლაიფს თავზე გადმოჰყურებდა 1986 წლის დიეგო და ფოლკლენდის ტრაგედიის მოუშუშებელი ნაწიბურები. როცა ინგლისელებმა ანგარიში გახსნეს, გულწრფელად უნდა ვაღიარო, მე, როგორც არგენტინის გულშემატკივარს, გამიჩნდა განცდა, რომ ეს ახალგაზრდა, ათლეტური ბრიტანული გუნდი ალბისელესტეს გატეხას ახერხებდა. მაგრამ ფეხბურთს ხომ ჩვენზე უკეთესი ფანტაზია აქვს? 85-ე წუთზე, მესიმ შექმნა ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ ხსნის, თუ რატომ არის ის მესი. მისი პასი და ენცო ფერნანდესი პირისპირ დატოვა ბედისწერასთან. 1:1. ლეომ კიდევ ერთხელ იკისრა მხსნელის როლი, მორიგი საოცარი გადაცემით მან ამჯერად ლაუტარო მარტინესი მოძებნა, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველაფერს. არგენტინა 2026 წლის მუნდიალის ფინალშია,  BACK TO BACK FINAL. და ჰო, ღმერთის ხელიდან ღმერთის ფეხამდე…

 

და აი, ნიუ-ჯერსი უკვე რაღაც დიადისთვის ემზადება. აქამდე ეს თუ ვერ მოხერხდა, 2026 წლის მუნდიალი მოახერხებს და დაამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს ეპოქების გადაკვეთასთან, ბლაუგრანას ათიანებთან. საფეხბურთო ისტორიას საოცრად უყვარს სიმბოლიზმი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ეს ყველაფერი სცენარია, რომელიც დაწერილია და დეკადებია აღსრულებას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ამ აღსრულების მოწმენი ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით. ეს ყველაფერი მართლაც დაწერილი სცენარია, აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის ფოტო? ალბათ თქვენც გინახავთ: 2007 წელი, „კამპ ნოუს“ გასახდელი, სულ ახალგაზრდა, გრძელთმიანი მესი, რომელიც თბილი ღიმილით აბანავებს პატარა, აბაზანაში ჩასმულ ჩვილს. მაშინ ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს თავად ფეხბურთის მიერ მომავალი პრინცის კურთხევა იყო. დღეს კი ეს პატარა ბიჭი, ლამინ იამალია. 

 

798c4debcf604a6294216f9d15c4f239-1784269586.avif

 

საოცარია, არა? ერთი თავისი კარიერის უკანასკნელ, ყველაზე მიმზიდველ ტანგოს ასრულებს, მეორე კი ყველაფერს დიდი თავდაჯერებულობითა და ამბიციებით იწყებს, რაც უსაფუძვლო სულაც არ არის. 

 

19 ივლისს, სკალონის მთავარი ამოცანა მოედნის ცენტრის ბეტონირება იქნება. როდრიგო დე პოლი და ენცო ფერნანდესი შეეცდებიან ესპანური ნახევარდაცვა შებოჭონ და თამაში ფიზიკურ ორთაბრძოლებში გადაიყვანონ, სადაც არგენტინელებს ბადალი არ ჰყავთ. რაც შეეხება ლუის დე ლა ფუენტეს, ჩემი მოსაზრებით, მისი მთავარი ძალა სივრცე და დროა. იამალითა და ნიკო უილიამსით დაღალოს სამხრეთამერიკელთა შედარებით ასაკოვანი დაცვის ხაზი და სწრაფი, მოკლე გადაცემებით მიაღწიოს მიზანს. მოსალოდნელია ვიხილოთ ტალიაფიკო ლამინ იამალის წინააღმდეგ და მას 90 წუთი საუკეთესო თამაშის ჩატარება მოუწევს. ლაპორტი და კუბარსი ლიონელ მესის წინააღმდეგ…რთულია ვისაუბრე პლუსებზე, მინუსებზე… არგენტინელებს ყველაფერი ნანახი აქვთ. კოპა ამერიკის ფინალები, ყატარის გიჟური მუნდიალი, პენალტების სერიები. მათ ფინალის წნეხი ვეღარ გატეხს…მათი ასაკი კიდევ შეიძლება მინუსსაც წარმოადგენდეს. მეორე მხარეს კი საქმე გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვასთან, რაც შეეხება მათ დაცვის ცენტრს, ლაპორტისა და კუბარსის წყვილი საიმედოა, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევების დროს ზურგს უკან დიდი სივრცეები რჩებათ, რის გამოც შეიძლება გადამწყვეტი რამ მოხდეს. 

 

სულ ამ გუნდებს ერთმანეთთან 14 მატჩი აქვთ ჩატარებული. 6 მოგება ესპანეთს, 6 არგენტინას და 2 ფრე. ვინ დაარღვევს ამ ბალანს? ეს 19 ივლისისთვის მიმინდია. მუნდიალზე მათი გზები მხოლოდ ერთადერთხელ გადაიკვეთა. 1966 წლის 13 ივლისს, ბირმინგემის „ვილა პარკზე“, ჯგუფურ ეტაპზე. ლუის არტიმეს დუბლით არგენტინამ გაიმარჯვა. 

 

და მაინც, რა მოგვცა ამ ამერიკულმა თავგადასავალმა? ჩემი პასუხი მარტივია და, ალბათ, ცოტათი ბავშვურიც: დაგვიბრუნა რწმენა იმისა, რომ დიდ საფეხბურთო ზღაპრებში შანსი ყველას ეძლევა და ის, რომ ფეხბურთს გადაშენება არ უწერია. ეს მუნდიალი უკვე შედგა. გაამართლა იმიტომ, რომ 19 ივლისის ფინალის წინ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ როდრისა და ენზოს დუელზე, ან იმაზე, თუ რამდენად დაიღლება ტალიაფიკო ან ფაკუნდო იამალის დევნაში (სავარაუდოდ). და შევცვლიდი თუ არა რამეს? აბსოლუტურად არაფერს. რადგან ეს მსოფლიო მართლაც მსოფლიოსთვის იყო და არა იმ გრანდებისთვის, რომელთა ყურებაშიც გავიზარდე ან გაიზარდეთ. 

 

კვირა საღამოს ვიღაც აუცილებლად მოსტაცებს ცასს კიდევ ერთ ვარსკვლავს, ჩვენ კი კიდევ ერთ დიდებულ ისტორიას ჩავბეჭდავთ ჩვენს იმ პატარა, ძვირფას მეხსიერების  ბარათზე,რომელზედაც მხოლოდ ყველაზე ლამაზი მოგონებებისთვის გვაქვს ადგილი შენახული. ფინალის წინ, როცა მიმავალი და მომავალი ასე ახლოსაა ერთმანეთთან, საკუთარ თავს ვუჭერ მხარს იმაში, რომ უზომოდ იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩვენ ლეგენდის მზის დიდებულ ჩასვენებასაც ვესწრებით და ახალი ვარსკვლავის პირველ გაბრწყინებასაც. და ამისთვის, საწერი მაგიდიდან წამომდგარი, მხოლოდ მადლობას თუ ვიტყვი.

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

წყარო: Sportall.ge