მამუკა მდინარაძე – ლოგიკური ჯაჭვი არსებობს: „ნაცმოძრაობა“ არის თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია? თუ კი, მაშინ ასეთი ორგანიზაცია არ შეიძლება არსებობდეს, არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ, ამიტომ პარტიების აკრძალვა არის ლოგიკის გაგრძელება

ლოგიკური, ელემენტარული, მარტივი ჯაჭვი არსებობს- „ნაცმოძრაობა“ არის, თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა პარტია? თუ კი, მაშინ, დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს, თუნდაც აწ უკვე თეორიული, ქვეყნის მმართველობის პრეტენდენტი, არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ამბობს, რომ დღეს, ოპოზიციონერობის ნიშა „აგენტურას აქვს მითვისებული“ იმ რამდენიმე პარტიის გარდა, რომლებიც მისივე შეფასებით, „ნელ-ნელა ვითარდებიან“.
„სანამ საქართველოში დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანები, პოლიტიკური ორგანიზაციები, პირველ რიგში, ხელში არ აიღებენ ოპოზიციონერობას და დღეს, ეს ნიშნა მითვისებული აქვს აგენტურას და ოპოზიცია არ არსებობს, გარდა რამდენიმე პატარა პარტიისა, რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან, გასაგებია საზოგადოებას ჩვენგან გასული ადამიანების დაჯერება უჭირს. გავიგე ეს, მათი ოპონირებაც არ არის ისეთი მწვავე და საგნობრივი ოპონირება დღეს ქვეყანაში არავის აინტერესებს მათი შექმნილი დღის წესრიგიდან გამომდინარე – დანარჩენი, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არცერთი არ არის პარტია. ესენი არიან დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი არ უნდა ჰქონდეს.
ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ჯერ უნდა შეიქმნას ოპოზიციური ძალა. ოპოზიციური ძალა არ არსებობს ჯერ, რომელსაც აქვს რაღაც ძალა, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენდენტი გახდეს. სანამ ჯანსაღი ოპოზიციური ძალა არ შეიქმნება, მანამ ჩვენ ქვეყანაში გვექნება სერიოზული პრობლემა ჯერ ოპოზიციის და მერე ხელისუფლების ჩამნაცვლებელი რეალური ქართული ძალის. უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს. ეს არის მოცემულობა, რაც არის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო, რომელშიც პირველი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.