ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა.
საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. შალვა გოგოლაძემ ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურას და მმართველობითი საბჭოს წევრებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განვითარების მენეჯერმა ზურაბ ბერუკაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მმართველობითი საბჭოს სხდომას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში ლევან წურწუმია, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და გენერალური მდივანი ნინო ხვიჩია ესწრებოდნენ.
მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში პირველად ჩატარდება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2029 წლის ივლისის თვეში თბილისში გაიმართება