მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 01:56
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი და კოალიციის ლიდერები კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან

IPN.ge 21 ივლისი, 2026 · 23:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, პარტიის ლიდერებთან – ფიქრია ჩიხრაძესთან, ოთო ფარულავასა და ლევან ბერძენაშვილთან ერთად, კახეთში იმყოფება და სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.

პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი კუპრაძე დღეს თელავის ხევის სათავე ნაგებობებთან იმყოფებოდა და კალაპოტზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელიც მისი თქმით დაგვიანებულია, რადგან მოსალოდნელ სტიქიასთან ბრძოლა, პირველ რიგში პრევენციული ღონისძიებებით იწყება და არა შემდეგ, როდესაც მოსახლეობის ზარალი განუსაზღვრელი ხდება.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა პარტიის წევრებთან ერთად სოფელ წინანდალში სტიქიის შედეგად განადგურებული ვენახებიც დაათვალიერა და ადგილობრივი მევენახეების პრობლემებს გაეცნო.

“მდინარე კისისხევის ადიდების შედეგად წინანდალში ათეულობით ოჯახის ვენახი განადგურდა. ადგილობრივების განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ ვენახების სრულად აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი შეფასებით, ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს.

დაზარალებულები ასევე აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტი წლების განმავლობაში არ გაწმენდილა და შესაბამისი პრევენციული სამუშაოები დროულად რომ ჩატარებულიყო, სტიქიას ასეთი მასშტაბის ზიანი შესაძლოა არ გამოეწვია.

ადგილობრივების თქმით, დატბორილი მიწის ნაკვეთები იმდენად დაზიანდა, რომ მათზე ვენახების ხელახლა გაშენებაც შეუძლებელი გახდა. მათი განცხადებით, სტიქიის შემდეგ ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან და დაზარალებული ოჯახების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა”,- აღნიშნავს “ძლიერი საქართველო – ლელო” განცხადებაში.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, რეგიონებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს მუდმივად აკვირდებოდეს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დროულად გაატაროს.

„უკვე მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე დაგვიანებული რეაგირება ან მისი იგნორირება უპასუხისმგებლო ხელისუფლების სახეს გვიჩვენებს. აუცილებელია ზარალის დროული შეფასება, დაზარალებული ოჯახების დახმარება და შესაბამისი კომპენსაციის საკითხის განხილვა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად ათეულობით ოჯახმა დაკარგა შემოსავლის ძირითადი, ხშირ შემთხვევაში კი ერთადერთი წყარო, რის გამოც სახელმწიფომ დაზარალებულთა დასახმარებლად დროული და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.