ადვოკატი – ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე და ამ ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი

ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე, – ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმე ეხება არა მხოლოდ სექსუალურ ძალადობას არამედ, მუქარას.
„მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე. სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი. დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე იძალადა სექსუალურად, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გვაქვს სახეზე. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სექსუალური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს არაერთი მუქარა სიცოცხლის მოსპობის, იარაღის თანხლებით“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩვენებას უკვე მეორე დღეა აძლევს.
გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.