მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 02:43
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ვერაზე, სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

Ambebi.ge 23 ივლისი, 2026 · 00:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილია 4 პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.