შემაძრწუნებელი დანაშაული ბრაზილიის უნივერსიტეტში – გაბრაზებული სტუდენტი მასწავლებელს თვეების განმალობაში ვერცხლისწყლით წამლავდა

ინტერნეტში შოკისმომგვრელი მომენტის ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ასხამს სტუდენტი, მასწავლებლის სასმელი წყლის ბოთლში ვერცხლისწყალს მანამ, სანამ ეს უკანასკნელი საკლასო ოთახიდან არის გასული.
ბრაზილიელმა მასწავლებელმა, დენი კარდოსომ, განაცხადა, რომ ეჭვი პირველად მაშინ გაუჩნდა, როდესაც წყალში პატარა “ბურთულები“ შენიშნა და ყელში უცნაური შეგრძნება დაეუფლა. დენის თქმით, მან დაინახა, როგორ ეხებოდა სტუდენტი, მარია აპარესიდა როდრიგეს დე არაუჟო, მის წყლის ბოთლს, რის შემდეგაც მახის დაგება გადაწყვიტა და ოთახიდან გასვლისას ტელეფონი ვიდეოჩაწერის რეჟიმში დატოვა.

მახემ იმოქმედა და კამერამ სტუდენტის მიერ სასმელი წყლის მოწამვლის მორიგი შემთხვევა დააფიქსირა.
როდესაც კარდოსომ პოლიციას მიმართა, სასამართლო ექსპერტიზამ ბოთლში ვერცხლისწყლის კვალი აღმოაჩინა.

ტოქსიკოლოგიური ანალიზის მიხედვით, მასწავლებლის სისხლში ვერცხლისწყლის შემცველობა ყოველ მილილიტრზე 21 მიკროგრამს შეადგენდა. სავარაუდო გათვლებით, ის ტოქსიკურ ლითონს 8-დან 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში იღებდა.
კარდოსომ აღნიშნა, რომ პოლიციაში მანამდეც მივიდა, როდესაც ყელში “პატარა ბურთულა“ იგრძნო.
კარდოსოს თქმით, 2024 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან მას მუცლის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა და სიარულის დროს სირთულეები დაეწყო.

მან დროებით სამსახურში – “ოსვალდო კრუზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ პროექტში სიარული შეწყვიტა, დაბრუნების შემდეგ კი უკვე როდრიგეს დე არაუჟოს ქცევაზე გაუჩნდა ეჭვი. კარდოსის განცხადებით სტუდენტი მის მიმართ აუხსნელ აგრესიას იჩენდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სერიოზული უთანხმოება არასდროს მომხდარა.
თავად მარია წყლის მოწამვლას უარყოფს, თუმცა სამართალდამცველებმა მის ჩანთაში საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს.
გამომძიებლებს დანაშაულის ზუსტი მოტივი ამ დრომდე არ დაუდგენიათ.