მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 01:17
სწრაფი სიახლე
კულტურა

“ნანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიდი სიყვარული მივიღეთ, თუმცა მერიდება ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს” – ნატალია ქუთათელაძე

Ambebi.ge 24 ივლისი, 2026 · 09:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად “შატო მუხრანის“ სივრცეში მისი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი ნიკოლოზ რაჭველი იყო, მუსიკალური პროგრამის კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი მარინა ბერიძე, სცენარისტი და კრეატიული პროდიუსერი, თეონა ჯორბენაძე.

საღამოს ნანი ბრეგვაძის გვერდით იყვნენ მუსიკოსები: ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, კორძი, გიორგი ცაგარელი, სტეფანე, ბექა გოჩიაშვილი, ლასა დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი. მათ ნანი ბრეგვაძის ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები გააცოცხლეს. მუსიკალურ ნომრებთან ერთად, სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავად ნანი ბრეგვაძემ და მისი ოჯახის წევრებმაც.

მომღერლის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დღეს ოჯახმა ბევრი სითბო და სიყვარული მიიღო, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მისთვის მძიმეა ის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება და უსამძიმრებს ვერაზე მოკლული ბიჭის ოჯახს.

“ნანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იმხელა ყურადღება, სითბო და სიყვარული მივიღეთ ჩვენმა ოჯახმა, რომ თავს ვალდებულად ვთვლი საჯარო მადლობა გადაგიხადოთ პირადად ნანის სახელით. ყველაზე დიდი მიღწევაა ცხოვრებაში, დაიმსახურო ამდენი ადამიანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა.უზარმაზარი მადლობა ასევე იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იყვნენ სცენაზე თუ სცენის მიღმა, ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთეს და დამერწმუნეთ, ნანის ცხოვრება კიდევ უფრო გახანგრძლივდა ასეთი დადებითი ემოციების მიღების შემდეგ და ეს,თქვენი ყველასი დამსახურებაა.

თუმცა მიუხედავად იმ უსაზღვრო სიხარულის, მხიარულების და ბედნიერების რაც წინა დღეებში სუფევდა,დღეს მერიდება კიდეც სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს.ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ ვინ უფრო ქოცია და ვინ ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია.

ანფეტამინისგან ფსიქიკურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს, ხოდა დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს…” – წერს ნატალია ქუთათელაძე.