მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 01:17
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

IPN.ge 24 ივლისი, 2026 · 23:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პროფკავშირების წარმომადგენლებს აპარატის მანდატი და შრომისა და სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.

„მხარეებმა დასაქმებულებისთვის აქტუალური და სისტემური მნიშვნელობის ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა, არაფორმალურ დასაქმებაში მყოფი ადამიანების უფლებრივი და სოციალური დაცვის გამოწვევები, დეკრეტული და მშობლის შვებულებების მოქმედი სისტემის ხარვეზები, უმუშევრობის შემწეობის მექანიზმის დანერგვა და სხვა.

ასევე განიხილეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები და ამ ცვლილებებისგან მომდინარე შესაძლო რისკები. ხაზი გაუსვეს სოციალური დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების მონაწილეობით.

მხარეები სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხების საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე წინ წასაწევად ერთობლივი ადვოკატირების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების ასამაღლებლად და თითოეული დასაქმებულისთვის ღირსეული, სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნის მიზნით, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.