„შთაგონებას სამყარო მაძლევს“ – სალომე მეფარიშვილის ნატიფი კომპოზიციები, ქალბატონები და „ჩარლის ფიქრები“

დაიბადა თბილისში. სწავლობდა საირმეზე, ერთ დროს ძალიან პრესტიჟულ სკოლაში – ,,პირველ ექსპერიმენტალურში“.
შემდეგ ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ გობელენის ფაკულტეტზე, მოგვიანებით ტანსაცმლის დიზაინერის ფაკულტეტზე გადავიდა.
ქმნის ნატიფ, რომანტიკულ კომპოზიციებს… წერს ლექსებს. ამბობს, რომ ორივე მნიშვნელოვანია – წერაც დ ხატვაც.
„ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ჩემს სულიერ სამყაროში ხელოვნებას დიდი ადგილი უკავია“… – მხატვარ სალომე მეფარიშვილის პერსონა.
– პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ხართ, თუმცა თავიდან გობელენის ფაკულტეტზე სწავლობდით. რატომ ტანსაცმლის დიზაინერობა?
– გობელენზე სწავლამ მცენარეების სილამაზე უფრო სხვა კუთხით დამანახა, ორნამენტების სრულმა სისავსემ ახალ საფეხურზე აიყვანა ჩემი ფანტაზია. ამ ყველაფერმა კი მომანდომა, სამოსში გადამეტანა, რაც შევძელი კიდეც.– ნატიფ და საინტერესო კომპოზიციებს ქმნით. შთაგონებას რა გაძლევთ?
– მადლობა ნამუშევრების შეფასებისთვის. შთაგონებას სამყარო მაძლევს, სულში შემოდის სიმშვიდე, რაღაც აუხსნელი ეიფორია და ასე იქმნება ჩემი ნამუშევრები.
– ქალის პორტრეტები გემოვნებით არის ფერებით შეზავებული… ერთ მათგანს პოეტმა ლექსიც კი მიუძღვნა… პროტოტიპები თუ გყავთ?
– ბატონმა ელდარ ჭიჭიაშვილმა ჩემს არაერთ ნამუშევარს მიუძღვნა უძვირფასესი ლექსი. საოცარი შეგრძნება არის, როცა პოეტის მუზად შენი შემოქმედება ხდება.
პროტოტიპი არ მყავს… ჩემი სულის სამყარო უფრო მდიდარია.– ქალბატონებს შორის გამოირჩევა ჩარლი ჩაპლინის პორტრეტი – „ჩარლის ფიქრები“…
– ჩარლი ჩაპლინის პორტრეტის დახატვას ვაპირებ ფერებში. მე ის ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მის თვალებს და ვცდილობ, რომ ჩემს ნახატებში ავსახო.
– რომელიმე ნახატის საინტერესო ისტორია.
– კარგი კითხვაა. სიმართლე გითხრათ, თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს ამიტომ კონკრეტულად ერთს ვერ გამოვყოფ.
– რა მასალას იყენებთ ხატვისას?
– ვიყენებ აკვარელის ფანქრებს და საღებავებს, აკრილის საღებავებს, ოქროს ფირფიტებს, ტუშს.– წერთ ლექსებს. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ნახატს გამოეწვიოს პოეტური შთაგონება? ანდა პირიქით?
– ვწერ და ძალიან მსიამოვნებს, როცა ვასრულებ მათ წერას. ნახატებს არასდროს მოუხდენია ლექსის წერისას გავლენა. მათი წერის შთაგონების წყარო ჩემი სულის მდგომარეობაა.
– ხატვა და წერა… რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ჩემთვის ორივე უპირატესია. ლექსის წერაც და ხატვაც.
მე ის ოცნება ვარ, თრთოლვით რომ აგივსო გული – ვერ მიცანი?
მე ის ლამპარი ვარ, სულში რომ გინთია – ისევ ვერ მიცანი?
მე სიყვარული ვარ შენ, რომ ასე გტკივა – კიდევ ვერ მიცანი?
მეტი რაღა გითხრა? რითი მიგახვედრო? რომ – ამოგიცანი!…– ჰობი…
– მუსიკა. ადრე გიტარაზე ვუკრავდი და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა…
– გამოფენები, სამომავლო გეგმები.
– არ მიყვარს გეგმებზე საუბარი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
თამარ შაიშმელაშვილი
კომენტარები
კომენტარი