ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს პოზიციებს აზიანებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები ჩორჩანასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებს აზიანებს.
სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების სამი დეპუტატის შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა, მისი თქმით, თანაბრად არაკომპეტენტურია.
“ოცნებამ” სამი პროპაგანდისტი დეპუტატი ჩამოაყენა დღეს ჩორჩანაზე სალაპარაკოდ, ერთმანეთზე არაკომპეტენტურები, რას ალაპარაკებენ, იმაზეც რომ არ აქვთ წარმოდგენა და არც იმის გონიერება ჰყოფნით, ასეთ საკითხში ფრთხილი მესიჯით დაიძვრინონ თავი.
ერთმა თქვა – ჩორჩანას საგუშაგო ავიღოთ თუ არა, საფიქრალი საკითხიაო. პირველად გაჟღერდა საჯაროდ ეს პოზიცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, არასდროს, არც ჟენევის ფორმატში და არც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში (IPRM) კითხვის ნიშნის ქვეშ არ მდგარა ჩორჩანას საგუშაგოს ადგილზე დარჩენის საკითხი, სუს-იც კი ერიდება საჯაროდ ამაზე პოზიციის გაჟღერებას და ეს რიტორიკა პირდაპირ აზიანებს საქართველოს პოზიციებს, მის ეროვნულ ინტერესებს შესაბამის ფორმატებში მოლაპარაკებებისას;
მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდა “დაკარგული”, საოკუპაციო ხაზს კი – რუსეთის ფედერაციასთან “საზღვარი”: დიახ, ზუსტად ამის ნორმალიზებას ცდილობს რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიით, “ოცნების” დანაშაულებრივი დუმილის ფონზე, რომ ცხინვალი “დაკარგულია”, უკვე რუსეთისაა და “საზღვარი” აქ გადის, ხაშურზე.
მესამემ ჩორჩანას საგუშაგოს აგებას პროვოკაცია უწოდა, ზუსტად ამ ტერმინით მოიხსენიებს ამ საგუშაგის განთავსებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ასე მოიხსენიებდა ბიბილოვი, ასე მოიხსენიებს ეგორ კოჩიევიც – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებელი ჟენევის მოლაპარაკებებში. ვის ხელშია ჩვენი ქვეყანა ჩავარდნილი?!”,- წერს სიჭინავა.