მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 01:53
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„შეიძლება, გამოვლინდეს წვრილი, წითელი ან გამჭვირვალე ბუშტუკებით“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 23:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებში ნასიცხი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემაა. პედიატრი ირმა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვები გადახურებას მოარიდონ, მსუბუქი ბამბის ტანსაცმელი ჩააცვან და გამონაყრის გართულების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ექიმს.

„ნასიცხი-ზაფხულის უხილავი, მაგრამ ხშირი სტუმარი! 

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვების კანზე ხშირად ჩნდება წვრილი, წითელი გამონაყარი, რომელსაც ნასიცხი (miliaria) ეწოდება. ის ვითარდება მაშინ, როდესაც საოფლე ჯირკვლების სადინრები იხშობა და ოფლი კანქვეშ გროვდება. ყველაზე ხშირად გვხვდება ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში, რადგან მათი თერმორეგულაცია ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის.

ნასიცხი უმეტესად ჩნდება კისერზე, იღლიებში, გულმკერდზე, ზურგზე, საზარდულის არეში და კანის ნაკეცებში. შეიძლება გამოვლინდეს წვრილი წითელი ან გამჭვირვალე ბუშტუკებით, ზოგჯერ კი მსუბუქი ქავილითაც.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს? მოარიდეთ გადახურებას და შეინარჩუნეთ ოთახის სასიამოვნო ტემპერატურა. ჩააცვით მსუბუქი, თავისუფალი, ბამბის ტანსაცმელი. ხშირად აბანავეთ ნელთბილი წყლით და აბაზანის შემდეგ კანი ნაზად გააშრეთ. არ გამოიყენოთ ცხიმიანი კრემები და ზეთები, რადგან ისინი კიდევ უფრო აფერხებენ ოფლის გამოყოფას. მიეცით საკმარისი სითხე ასაკის შესაბამისად.

უმეტეს შემთხვევაში, ნასიცხი რამდენიმე დღეში თავისით გაივლის, თუ ბავშვს გრილ გარემოში ვამყოფებთ. თუმცა, თუ გამონაყარს დაემატა ცხელება, ძლიერი სიწითლე, ჩირქოვანი ელემენტები, ტკივილი ან ბავშვი ძალიან მოუსვენარი გახდა, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რადგან შესაძლოა მეორეული ბაქტერიული ინფექცია იყოს განვითარებული.

ზაფხულის მთავარი წესია, ბავშვი იყოს კომფორტულად და არა ზედმეტად თბილად ჩაცმული. ზოგჯერ ერთი ფენა ნაკლები ტანსაცმელი საუკეთესო პროფილაქტიკაა,“ – წერს პედიატრი.