მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 02:36
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

,,შავი ბუზები საქართველოში! ნაკბენის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტემპერატურა, ლიმფური კვანძების გადიდება“ – ალერგოლოგის გაფრთხილება

Prime Time 27 ივლისი, 2026 · 00:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“შავი ბუზები საქართველოში: პატარა მწერი – ძლიერი ალერგიული რეაქცია !

შავი ბუზები, ანუ Simuliidae, ძალიან მცირე ზომის, სისხლმწოვი მწერებია. საქართველოში მათი რამდენიმე სახეობა არის გავრცელებული. განსაკუთრებით გვხვდება ჩქარი მდინარეებისა და ნაკადულების სიახლოვეს.

მეტი სიფრთხილეა საჭირო: მთისა და მთისწინა მდინარის ხეობებში, ტყიან ხევებსა და ნაკადულებთან, ჩანჩქერებისა და სწრაფი დინების მქონე წყლების სიახლოვეს, მდინარისპირა დასასვენებელ და საპიკნიკე ადგილებში. კოღოებისგან განსხვავებით, მათ გასამრავლებლად დამდგარი წყალი არ სჭირდებათ.

საქართველოში ნაკბენის რისკი ყველაზე მაღალი ზუსტად ზაფხულის თვეებშია.  შავი ბუზების რაოდენობა ხშირად იზრდება უხვი ნალექისა და მდინარეებში წყლის დონის მატების შემდეგ.

შავი ბუზი კანს უბრალოდ არ ჩხვლეტს. იგი პირის აპარატით კანის ზედაპირს აზიანებს და გამოყოფს ნერწყვს, რომელიც შეიცავს სისხლის შედედების შემაფერხებელ და ანთების გამომწვევ ნივთიერებებს.

ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციებია: ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება,  მტკივნეული წითელი გამონაყარი; ადგილობრივი შეშუპება და კანის გაცხელება; დიდი ზომის შეწითლებული და შეშუპებული უბანი; წერტილოვანი სისხლჩაქცევები, მოლურჯო-მეწამული ლაქები ან ბუშტუკები. რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაც. 

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ე.წ. შავი ბუზის ცხელება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სისუსტე, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ჭინჭრის ციება; სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება; ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის დაცემა; ანაფილაქსია, რომლის დროსაც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

დაცვისთვის რეკომენდებულია მდინარისა და ნაკადულის სიახლოვეს ღია ფერის, გრძელსახელოებიანი ტანსაცმლისა და გრძელი შარვლის გამოყენება. დაუფარავ კანზე შეიძლება გამოიყენოთ რეგისტრირებული რეპელენტი, რომელიც შეიცავს DEET-ს ან პიკარიდინს, გამოყენების ინსტრუქციის დაცვით.

ნაკბენის ადგილი დაიბანეთ წყლითა და საპნით, გამოიყენეთ ცივი კომპრესი და არ მოიფხანოთ კანი, რადგან დაზიანებულ უბანზე შეიძლება მეორადი ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. გამოხატული ან/და გახანგრძლივებული რეაქციის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს.

!! გვახსოვდეს, რომ ბუზის პატარა ზომა უსაფრთხო ნაკბენს არ ნიშნავს: შავი ბუზის მრავლობითმა ნაკბენმა შეიძლება საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი და ზოგჯერ სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს !”,-წერს კამკამიძე.