მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 15:48
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

“გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო“, გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო?“ – ადვოკატი

Ambebi.ge 16 ივლისი, 2026 · 14:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

“გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო“, – ამის შესახებ ჯაშუშობის მუხლით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა.

  • მისი თქმით, საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არის.

“დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. მხარეებმა თქვეს შესავალი სიტყვები. ბრალდების მხარემ დააფიქსირა, მტკიცებულებები გვაქვსო. დაცვის მხარემ დააფიქსირა, რომ მტკიცებულებები არ არის.

გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო.

საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არიან. ტელევიზიაში გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო? იდო თანხა? ვინმემ თანხა ნახა? საქმეში არ არის. არავინ არ იცის კონვერტში რა იდო, გამოძიებამ დაადგინოს. ასევე, საქმეში არანაირი დაშიფრული მასალები არ არის”, – განაცხადა ბექა გულედანმა.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.