მარიამ ქვრივიშვილი: საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძველი, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება

აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი.
„ჩვენს სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და TUMO – მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია ამ პროექტის სწორედ ქუთაისში განხორციელება, რადგან ბოლო წლებში ქუთაისი თანმიმდევრულად ყალიბდება ახალი ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრად.
„საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძვლები, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.