მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 11:52
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ტვინის უნივერსალური მკვებავი არ არსებობს… ასეთი საშუალება ჯერ არ შეუქმნიათ“– რას ამბობს ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 10:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტვინმა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს და ასაკთან ერთად მისი ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ? ამ კითხვას გადაცემაში „ახალი დღე“ ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა, რომ არსებობს ე.წ. „ტვინის მკვებავი“ პრეპარატები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების ან სხვა ნევროლოგიური პრობლემებისგან დაგვიცავს.

„ხშირად მოგვმართავენ ექიმებს თხოვნით, რომ ისეთი პრეპარატი დავუნიშნოთ, რომელიც ტვინს გამოკვებავს და მომავალში ალცჰაიმერის დაავადებას აგვარიდებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. ტვინის უნივერსალური მკვებავი არ არსებობს – ასეთი საშუალება ჯერ არ შეუქმნიათ“, – ამბობს ნევროლოგი.

გეგელაშვილის განმარტებით, ბაზარზე არსებული მრავალი ე.წ. „ტვინის მკვებავი“ პრეპარატი, ხშირ შემთხვევაში, ფარმაცევტული ინდუსტრიის მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია და მათი ეფექტურობა სათანადო სამეცნიერო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.

მისივე თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პროდუქტები, როგორც წესი, კვების დანამატების სახით იყიდება, თუმცა საქართველოში ისინი ხშირად მედიკამენტების სახით არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელში მათი ეფექტურობის შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის.

„ამ მიმართულებით მილიონობით იხარჯება. სინამდვილეში, ტვინის უნივერსალური მკვებავი არ არსებობს. თუ ადამიანს, მაგალითად, რომელიმე ვიტამინის დეფიციტი აქვს, სწორედ ამ დეფიციტის მიზნობრივი შევსებაა ტვინის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და არა მედიკამენტების მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ „სასარგებლოა“, – განმარტავს ნევროლოგი.

გოგიტა გეგელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ვიტამინებისა და სხვა პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და შესაბამისი კვლევების საფუძველზე უნდა მოხდეს. მისი თქმით, თვითნებურად დანიშნული მედიკამენტები ან კვების დანამატები ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარანტიას არ წარმოადგენს.

ტვინის ფუნქციის შესანარჩუნებლად სპეციალისტები, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, სრულფასოვან ძილს, ფიზიკურ აქტივობას, დაბალანსებულ კვებას, გონებრივ დატვირთვასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის კონტროლს რეკომენდაციას უწევენ.

წყარო: გადაცემა „ახალი დღე“