მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 01:20
სწრაფი სიახლე
კულტურა

გეგე დადიანის ახალი წიგნი სიყვარულის უფლებაზე „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“

IPN.ge July 13, 2026 5:43 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

გამოიცა გეგე დადიანის (გოჩა მირცხულავა) ახალი რომანი “ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“, რომელიც რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სასიყვარულო ნაწარმოებია და სიყვარულის, თავისუფლების, ადამიანური ღირსების, მორალური არჩევანისა და საზოგადოებრივი სტერეოტიპების თემებს ეძღვნება.

18 ივლისს, 17:00 საათზე, რომანის წარდგენა “ბიბლუსის” წიგნის კაფეში გაიმართება.

„როდესაც ცნობილი ჟურნალისტისა და პოლემისტის მხატვრულ ტექსტს კითხულობ, ბუნებრივად გექმნება წინასწარი განწყობა, რომ გაეცნობი პუბლიცისტური პროზის მორიგ თანამედროვე ნიმუშს… ჩემი განწყობა პირველი წინადადებებიდანვე გაქრა, რადგან მივხვდი, რომ ვკითხულობ ტექსტს, რომლის მთავარი თემაც არა არსებული პოლიტიკური და სოციალური ჩიხიდან გამოსვლის პათეტიკურად გადმოცემული შესაძლებლობა, არამედ სასიყვარულო თავგადასავალია. თქვენ წინაშეა ახალი სასიყვარულო რომანი, რომელიც ამ ჟანრის ყველა წესის დაცვით არის დაწერილი. ტექსტი ამავე დროს მშვიდი პოლემიკაცაა თანამედროვე სამყაროში სიყვარულის მნიშვნელობასა და მისი შესაძლებლობა-შეუძლებლობის შესახებ“ – წერს მწერალი დავით ქართველიშვილი წიგნის წინასიტყვაობაში.

წიგნის რედაქტორი, პროფესორი ნესტან კუტივაძე, მიიჩნევს, რომ „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ მნიშვნელოვანი სოციალური და ზნეობრივი პრობლემების შემცველი საყურადღებო ტექსტია.

„ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ ჯერ კიდევ მყარი საზოგადოებრივი სტერეოტიპების, ყალბი კლიშეებისა და სოციალური შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული რომანია, სოციალური დრამაა, რომელშიც აქცენტები სიყვარულსა და ოჯახზე კეთდება. წიგნი მკითხველს სიყვარულის, პიროვნული პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და ბედნიერების უფლების შესახებ აფიქრებს. მწერალს სჯერა, რომ სიყვარულს, გულწრფელობასა და ურთიერთპასუხისმგებლობას ადამიანის სულიერი განახლების ძალა აქვს, ხოლო საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა შესაძლებელია. დინამიკურად განვითარებული სიუჟეტის, ოსტატურად დახატული პერსონაჟების, ფსიქოლოგიური სიღრმისა და მხატვრული კულტურის წყალობით, რომანი მნიშვნელოვანი სოციალური და ზნეობრივი პრობლემების შემცველი საყურადღებო ტექსტია უდავოდ“, – ამბობს ნესტან კუტივაძე.

თავად ავტორი, გეგე დადიანი, აღნიშნავს, რომ ვალდებული იყო, მოეთხრო ეს სიყვარულის ამბავი.

„მე ვალდებული ვიყავი ეს ამბავი მომეთხრო. ამბავი სიყვარულზე. თითქოს ახალი არაფერი – ბევრჯერ დაწერილი, მონათხრობი, ნანახი თუ მოსმენილი. მაგრამ არა, ჩემთვისაც კი ეს სხვა ამბავია. ამ ამბავს რეალური გმირები ჰყავს ჩვენს სინამდვილეში. რომანის გმირი, ლუსიე, გახლავთ პროტოტიპი ადამიანისა, რომელმაც მომცა ძალაც და უფლებაც, დამეწერა ამ სიყვარულზე,“ – აღნიშნა მან.

რომანი ცდილობს მკითხველთან ერთად უპასუხოს კითხვას, აქვს თუ არა ადამიანს უფლება, უყვარდეს ისე, როგორც თავად გრძნობს, რატომ ცდილობს საზოგადოება ხშირად სწორედ სიყვარულის განსჯასა და შეზღუდვას და სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ მორალსა და ადამიანის პირად თავისუფლებას შორის.

გეგე დადიანი (გოჩა მირცხულავა) ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პოლიტიკური რომანის „საშიში იდეალისტები“ ავტორი. იგი ასევე არის ანალიტიკოსი, არაერთი პუბლიცისტური წერილის და საზოგადოებრივ – პოლიტიკური სტატიის ავტორი, რამდენიმე მედიასაშუალების დამფუძნებელი.

წიგნის რედაქტორია პროფესორი ნესტან კუტივაძე, არტ-დირექტორი, ბაკურ თვრინელი, დიზაინერი, გიორგი ნავროზაშვილი, ხოლო გარეკანისა და ილუსტრაციების კონცეფციის ავტორია გოჩა მირცხულავა.

რომანი „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ გამოცემულია „დიდი ფაქტორის“ მიერ და მისი შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“.

18 ივლისს, 17:00 საათზე, “ბიბლუსის” წიგნის კაფეში (არჩილ მიშველაძის 4, ვაკის პარკი), გაიმართება გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა. დასწრება თავისუფალი.