მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 17:56
სწრაფი სიახლე
კულტურა

“გურიაში ვიყავი, ისტორიებს ვაგროვებდი” – როგორ შეიქმნა ლევან კოღუაშვილის ფილმი “გურია“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის სექციაში – Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი

Ambebi.ge 31 ივლისი, 2026 · 12:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის, ახალი ფილმი “გურია“ ვენეციის კინოფესტივალის სექციაში – Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი.

  • Venice Spotlight კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და ძლიერი მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული.

“ეროვნული კინოცენტრი ულოცავს რეჟისორსა და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან აღიარებას“ – ინფორმაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.

ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში ხდება, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. მძიმე ცხოვრების, ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, გურიის სოფელში მცხოვრები ფილმის გმირები მათთვის დამახასიათებელ იუმორს მაინც არ კარგავენ.

“90-იანები საერთოდ ძალიან კომპლექსური და საინტერესო თემაა. ჩვენი ახალგაზრდობის თემაა და თან კონფლიქტებით და ექსტრემალური სიტუაციებით სავსე დროა, ამით კიდევ უფრო საინტერესო დრო“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომელმაც სწორედ ეს პერიოდი საქართველოს ერთ-ერთ უსაყვარლეს კუთხეში, გურიაში თავის ახალ ფილმში “გურია“ გადაიღო.

ლევან კოღუაშვილმა Ambebi.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა:

“ვენეცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია და ის, რომ პრემიერა იქ შედგება, ცხადია, კარგია ფილმისთვის, საქმისთვის, მომავალი პროექტებისთვის, ქართული კინოს რეპუტაციისთვის. საერთოდ კარგი სასტარტო სიტუაცია და ადგილია იმისთვის, ფილმმა თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს…

– გურია რატომ აღმოჩნდა თქვენი ინსპირაციის წყარო? რატომ დაინტერესდით ამ კუთხით?

– საერთოდ, რეგიონებში გადაღება მიყვარს. რამდენიმე ფილმი მაქვს გადაღებული. იქ ხალხი ბევრად გახსნილია, თბილია, მეტად ადამიანური და შედარებით მშვიდი გარემოა. თან გურია, დასავლეთ საქართველო – ჩემთვის ახლობელია. ჩემი ბებია-ბაბუა – იმერეთი, აჭარა, გურიიდან არიან. ბავშვობაშიც იქ ხშირად დავდიოდი და მომწონდა.

წავიკითხე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“, მომეწონა. საქართველოში ყოველთვის ჭირს ლიტერატურული მასალა საფუძვლად რომ დავუდოთ და გიორგის შევეხმიანე. ვუთხარი, რომ “გურული დღიურები“ მომეწონა, ისიც, როგორც წერ და რამე ისტორია ხომ არ გაქვს ფილმისთვის რომ გამოვიყენო-მეთქი. ფილმისთვის გამოსადეგი ისტორია არ ჰქონდა, იმიტომ, რომ “გურული დღიურები“ არ არის სიუჟეტური ამბავი – უფრო მოგონებებია ბავშვობაზე.

ამიტომ შემომთავაზა, გურიაში წავიდეთ და იქნებ ნახო შენთვის საინტერესო სიტუაციაო. წავედით, ვიღაცები გავიცანი, მერე დავრჩი გურიაში, რაღაც პერიოდი ვიყავი იქ, ისტორიებს ვაგროვებდი. როცა შეგროვდა ისტორიები და უკვე ჩემს სცენარისტთან ბორის ფრუმინთან ერთობლივად დაიწერა სცენარი რამდენჯერმე – შვიდი-რვა ვარიანტი გაკეთდა. მოკლედ, მთავარი სცენარისტი არის ბორის ფრუმინი, მე და გიორგი კეკელიძე თანაავტორები ვართ.

გიორგიმ მომიყვა თავისი ისტორიები, იქ კიდევ უამრავი ხალხი გავიცანი, რომლებიც თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ და მერე უკვე სიუჟეტი დაწერა ბორის ფრუმინმა.

– მოკლედ გურული ყოფის ახლოს შესწავლა მოგიხდათ…

– კი – იმ პერიოდში იყო ისეთი ეპიზოდებიც, როცა მანქანით რომ დავდიოდი, ვიღაცებს გზაში ვისვამდი და ამბებს ისინიც მიყვებოდნენ. მასალები ასე შეგროვდა. ყოველთვის ასე ვმუშაობ, ვცდილობ, მასალები მოვიძიო. მერე უკვე ცალკე ხელოვნებაა სიუჟეტის კეთება – სიუჟეტური აზროვნება ირთვება და იქ მთელი საინტერესო ამბებია. კონსტრუქცია უნდა იყოს და სტრუქტურა იყოს გამძლე, რომ ამ სიუჟეტმა მაყურებლის ყურადღება მიიპყროს და ფილმს ძალა მისცეს.

– ფილმს ჰქვია “გურია“. ევროპაში მისი პრემიერა და თავისთავად ამ კუთხისთვის რას ნიშნავს?

– ბევრი ადამიანი მირეკავს, რადგან ძალიან ბევრი ადგილობრივი გადავიღეთ, გახარებულები არიან, რომ ფილმს “გურია“ ჰქვია, ფესტივალზეც რომ მოხვდა. გადაღების პროცესში ვეუბნებოდი, თუ კარგი ფილმი გამოვიდა, იმ შემთხვევაში დავტოვებ “გურიას“ სახელწოდებად-მეთქი. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ფილმს ჰქვია “გურია“… არ ვიცი, როგორი ნამუშევარი გამოვიდა, მაგრამ სახელი მაინც ვერ შევცვალეთ, ვერ შეველიეთ. ჯერ ერთი იმის გამოც, რომ ადვილი დასამახსოვრებელია, მოკლეა. ფილმს ბევრი პერსონაჟი ჰყავს. მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ისე არაპროფესიონალები. მოკლედ, ვნახოთ…

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძეც გამოეხმაურა.

“ლევან კოღუაშვილის ფილმის – “გურია” – მსოფლიო პრემიერა ვენეციის ფესტივალზე შედგება. თავის დროზე, 2018 წელს, ფილმზე მუშაობა “გურული დღიურების” ინსპირაციით დაიწყო. სცენარის თანაავტორი მეც გახლავართ. ფილმი რამდენიმე ქვეყნის – საქართველო, შვეიცარია, ნორვეგია, თურქეთი, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, საუდის არაბეთი – კოპროდუქციაა“, – დაწერა გიორგი კეკელიძემ.

Ambebi.ge გამომცემლობა “პალიტრა L“-ის მთავარ რედაქტორს მაია ალუდაურს ესაუბრა:

“ყველასთვის, ვინც აფასებს ქართულ და მსოფლიო კინოხელოვნებას, ძალიან სასიამოვნო ამბავია, რომ ვენეციის ფესტივალზე გაიმართება ლევან კოღუაშვილის ფილმის “გურია“ მსოფლიო პრემიერა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, რომ ამ კინომოვლენასთან ერთგვარად სუბიექტური კავშირიც გვაქვს – ფილმის სცენარის თანაავტორია გიორგი კეკელიძე, მწერალი, რომელმაც მშობლიური კუთხისადმი განსაკუთრებული სიყვარულით შექმნილი ჩანახატებით სამუდამო სიცოცხლე მიანიჭა უბრალო, ყოველდღიურ ამბებს, რიგით ადამიანებს გურიის სოფლებიდან.

ყველა სიტყვიდან და სტრიქონიდან გადმოღვრილი უკიდეგანო სიყვარული და გულწრფელობაა იმის მიზეზი, რომ უკვე წლებია, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად რჩება.

შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ იმ ფილმზე მუშაობის პროცესში, რომელიც გურიას ეძღვნება, გიორგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენც, როგორც მისი გამომცემლობა, სიხარულით ვადევნებთ თვალს ამ ამბავს და შემოქმედებით ჯგუფს გამარჯვებას ვუსურვებთ“.