“ის ჩემგან ბევრად უფრო ადრე წავიდა, ვიდრე მისი სხეული დაგვტოვებდა… ტკივილს ვმალავდი“ – სანდრა ბულოკის ტრაგიკული აღსარება და დაუნდობელი სენი, რომელმაც საყვარელი ადამიანი წაართვა

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა და პატივსაცემმა მსახიობმა, სანდრა ბულოკმა, საბოლოოდ გადაწყვიტა დაერღვია დუმილი და ესაუბრა იმ უდიდეს ტკივილზე, რომელსაც წლების განმავლობაში გულში ჩუმად ატარებდა. 62 წლის ვარსკვლავი პოდკასტში გამოჩნდა და საზოგადოებას თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე, დრამატული და ტრავმული პერიოდის შესახებ უამბო.
სანდრას პარტნიორი, ფოტოგრაფი ბრაიან რენდალი, 2023 წლის აგვისტოში, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, იგი სამი წლის განმავლობაში ჩუმად ებრძოდა უმძიმეს დაუნდობელ სენს – ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს (ALS), რომელსაც ლუ გერიგის დაავადების სახელითაც იცნობენ.
-
“უფლება არ მქონდა ამაზე მელაპარაკა…“
მსახიობმა გულახდილად აღიარა, რომ საყვარელი მამაკაცის სურვილი იყო, მისი დიაგნოზი საიდუმლოდ დარჩენილიყო – თხოვნა, რომელსაც სანდრა ბოლომდე პატივს სცემდა, თუმცა ამან იგი უდიდესი სიმარტოვისთვის გაწირა.
“მან მთხოვა, რომ ეს ამბავი არავისთვის მეთქვა. უფლება არ მქონდა ამაზე მელაპარაკა. ეს მისი თხოვნა იყო და მე ბოლომდე პატივი ვეცი მას… მესმის, რატომაც ითხოვა ეს, მაგრამ პანდემიის პერიოდში ამხელა ტვირთის მარტო ტარებამ სრულ იზოლაციაში მოაქცია ჩემი ცხოვრება,“ – იხსენებს ბულოკი.

მსახიობის თქმით, გლოვის პროცესი მისთვის ბრაიანის გარდაცვალებამდე ბევრად ადრე დაიწყო.
“ჩემი ადამიანი ჩემგან ბევრად უფრო ადრე წავიდა, ვიდრე მისი სხეული დაგვტოვებდა. ჩვენი ურთიერთობის ნახევარი მან ავადმყოფობაში გაატარა. მგონია, რომ ამ ტკივილთან გამკლავება მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ დავიწყე, მანამდე უბრალოდ უსასრულო სარბენ ბილიკზე დგახარ და გაჩერების უფლება არ გაქვს,“ – ამბობს ოსკაროსანი ვარსკვლავი.
-
ბრძოლა კულისებს მიღმა და ოჯახის ტრაგედია
ავადმყოფობის დიაგნოსტირება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. მუდმივი ტესტები, სუნთქვის შემოწმება და ეტაპობრივი გაუარესება – სანდრას ყველაფრის დაგეგმვა ჩუმად უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობისთვის ოჯახური ტრაგედიებს უცხო არ ყოფილა (მანამდე დედა კიბოთი დაკარგა, მამასაც მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა), ყველაზე რთული მაინც პატარა ბავშვებისთვის ამ რეალობის არიდება აღმოჩნდა. სანდრა და ბრაიანი ერთად ზრდიდნენ ბულოკის ორ შვილს – ლუისსა და ლაილას, ასევე რენდალის უფროს ქალიშვილს, სკაილარს.
“ჩემი პატარა გოგონა მას მამის ფიგურად აღიქვამდა. ფიზიკურ ტკივილს როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა – რაზეც ხშირად არ საუბრობენ – ეს გახდა სამმაგი დარტყმა… ეს იყო ძალიან ბნელი და მძიმე პერიოდი“, – აღნიშნავს მსახიობი.
დიდი ხნის განმავლობაში ბრაიანის დიაგნოზის შესახებ მხოლოდ სანდრას დამ, ჯესინმა იცოდა. მოგვიანებით, მსახიობმა გული უახლოეს მეგობრებს – ჯენიფერ ენისტონსა და ამანდა ანკას (ჯეისონ ბეიტმანის მეუღლეს) გადაუშალა, რომლებიც მისთვის უდიდეს საყრდენად იქცნენ.
-
სიყვარულის ისტორია და დაბრუნების გზა
ყოფილმა მოდელმა და ფოტოგრაფმა ბრაიან რენდალმა სანდრა ბულოკი 2015 წელს გაიცნო, როდესაც მის შვილს დაბადების დღის ფოტოსესია გადაუღო. მათი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა ღრმა გრძნობაში.
2023 წლის აგვისტოში, რენდალის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრაიანმა თავიდანვე ირჩია ALS-თან ბრძოლის გასაიდუმლოება, ხოლო ახლობლებმა ყველაფერი გააკეთეს მისი ნების დასაცავად.
ტრაგედიის შემდეგ სანდრამ დროებით დატოვა ჰოლივუდი. ინსაიდერების ცნობით, მას დრო სჭირდებოდა საკუთარი თავისა და შვილების ემოციური რეაბილიტაციისთვის, რათა ცხოვრების გაგრძელება და შემოქმედებით საქმიანობაში დაბრუნება შეძლებოდა.
დღეს, როდესაც სანდრა ეკრანებს Practical Magic 2-ით უბრუნდება, მისი გულახდილი აღსარება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ვარსკვლავური ბრწყინვალების მიღმა ხშირად ჩვეულებრივი ადამიანური ტკივილი, თავდადება და უხმო გმირობა იმალება.