ეროვნული კინოცენტრი განმარტავს, რატომ „ვერ გასცა თანხმობა“ ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ საჯარო ჩვენებაზე

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ფილმ „ცრემლსადენ გაზთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ეროვნული კინოცენტრის თანახმად, ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.
განცხადებაში განმარტებულია,რომ შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.
“ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.
ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში – „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.
აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი გაუგზავნა საპროდიუსერო კომპანიას 2026 წლის 24 ივლისს, რაც სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე, რეჟისორნა უტა ბერიამ, რომლის „ცრემლსადენმა გაზმა“ 2026 წლის 15 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო, განაცხადა, რომ „ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ, ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს“. რეჟისორის თქმით, 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი წარმოების პროცესში ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა.
როგორც ცნობილია, უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო. მან პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ ჯილდოს უძღვნის თბილისის 2024 წლის საპროტესტო აქციებისას დაპატიმრებულ მათე დევიძეს, რომელსაც „საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა.